პოლიტიკა
ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი - გახარია
პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა. პოლიტსაბჭოს 14 წევრი ეყოლება, მის შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები - გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე.

„ჩვენ შეიძლება ბევრი ვისაუბროთ და ბევრი გეგმები დავსახოთ, ბევრი რეფორმა დავგეგმოთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ქართული სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეების ასაშენებლია. არავინ და ვერავინ ამ საქმეს ჩვენ გარეშე ვერ გააკეთებს, ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ საქართველოსთვის“ ,-
განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განმარტა თუ რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევა და მათ შორის, სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და ეკონომიკური ვითარება დაასახელა.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი. ჩვენ არ ვითანამშრომლებთან არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რადიკალური ადამიანები იქნებიან. დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება ქვეყანას,“ - განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ყველა არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.
Print