პოლიტიკა
შვიდთვიანი ბოიკოტის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება
პარტია საკანონმდებლო ორგანოში შესვლას მაინც შარლ მიშელის დოკუმენტის გარეშე აპირებს, თუმცა, როგორც აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას აქტიურად შეუდგებიან.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლა მმართველი გუნდის წევრებმა შეაფასეს და ამბობენ, რომ ამ პარტიისგან კვლავ დესტრუქციას ელიან.

"ნაციონალური მოძრაობა" კი პარლამენტში მისვლამდე კონსულტაციებს ცენტრალურ ოფისში მართავს. პარტიის წევრები ტექნიკურ საკითხებზე მსჯელობენ.

დეპუტატების თქმით, პარლამენტში შესვლის შემდეგ ისინი მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა კანონპროექტებზე მუშაობაში, ისინი ნატოში ინტეგრაციის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს.

მთავარი ოპოზიციური პარტია საქმიანობას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე იწყებს და ამბობს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნას, ადგილობრივ არჩევნებზე, რეფერენდუმისთვის მომზადების მიზნით გამოიყენებენ.

ვიდრე ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში შევა, პარლამენტის შესასვლელთან აქცია იმართება. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლას აპროტესტებენ. მათ თან ბანერები და "პუფები" აქვთ მიტანილი.

აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ. ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ კი ამბობენ, რომ პარლამენტში შესული ყველა დეპუტატი "პუფია". პარლამენტთან მივიდა ორი კლოუნის ფორმაში გამოწყობილი პირიც.

მოქალაქეები ელოდებიან როდის გამოჩნდება ენმ, რომ პარტიის წევრებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ. მათ ბანერებზე პარტიის ლიდერების ფოტოები და ფრაზები აქვთ მიწერილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 8 ივნისს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ძალა ერთობაშია - გაერთიანებული ოპოზიციის" ბლოკში შემავალ პარტიებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში შევა და საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვება. ამით, პარტიის 7-თვიანი ბოიკოტი დასრულდება.

Print