პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ რჩეულები - ვინ იქნებიან მერობის კანდიდატები სამცხე-ჯავახეთში?
„ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობის კანდიდატები უკვე შეარჩია. პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათი წარდგენა ივლისშია დაგეგმილი. 

სანამ კანდიდატებს ოფიციალურად დაასახელებენ, მათი ვინაობა ჩვენ გავარკვიეთ. ახალციხის მერობისთვის ირაკლი ლაზარაშვილი იბრძოლებს. ის ამჟამად სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსია.

„ჯერჯერობით მე თვითონ არაფერი ვიცი, არ მქონია შემოთავაზება“, - გვითხრა ირაკლი ლაზარაშვილმა. კითხვაზე - თუ „ქართული ოცნება“ ახალციხის მერობისთვის ბრძოლას შესთავაზებს, დათანხმდება თუ არა, გვიპასუხა რომ ამაზე მომავალში ისაუბრებს.

ადიგენში კენჭს დავით ტაბატაძე იყრის, რომელიც ახლა ა(ა)იპ „ახალციხის ციხის“ დირექტორის პოსტს იკავებს. კანდიდატობას უარყოფს და ამბობს, რომ მსგავსი საკითხის განხილვა პარტიასთან არ ყოფილა.

„პირველად მესმის, არც შემოთავაზება ყოფილა და არც განხილვა“.

ასპინძის მერის კანდიდატად „ქართული ოცნება“ მოქმედი მერის როსტომ მაგრაქველიძის დასახელებას აპირებს. პარტიის გადაწყვეტილებით, ის პოსტის მეორე ვადით დაკავებას შეეცდება.

„ჩემი სამსახურებრივი საქმეებით ვარ დაკავებული. რომ გითხრა რამე განხილვა იყო, მოგატყუებთ. ამას პარტია გადაწყვეტს. თუ დამასახელებენ, თავს და გულს არ დავზოგავ ჩემი რაიონისთვის, როგორც გადაწყვეტენ ისე მოვიქცევი“, - გვითხრა როსტომ მაგრაქველიძემ.

„ქართულ ოცნებაში“ შერჩეულ კანდიდატებზე ჯერ არ საუბრობენ. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ მათი წარდგენის თარიღს რამდენიმე დღით ადრე შეგვატყობინებენ.
Print