პოლიტიკა
ჟურნალისტებზე თავდასხმა ეს იყო სახელმწიფოზე ძალადობა - ვახტანგ გომელაური
ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ ჟურნალისტებზე მოხდებოდა ასეთი მასიური თავდასხმა, - აღნიშნულის შესახებ ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტები კიდევ ერთხელ დაგმო და განაცხადა, რომ ეს ყოვლად მიუღებელია.

"ძალიან მძიმე შემთხვევა იყო. 27 წელია ძალოვან უწყებებში ვმუშაობ, 9 წელია უკვე თანამდებობაზე ვარ და ასეთი შემთხვევა,,, მე ვიტყოდი, რომ ეს სახელმწიფოზე ძალადობაა. ასე ორგანიზებულად, აქტიურად, უცებ, სხვადასხვა ადგილზე მოხდა ეს თავდასხმები და არა ერთ ადგილას, მაგალითად პარლამენტის შენობის წინ, რაც ცოტა გასაკვირიც იყო და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ. 15-16 ადამიანი დაკავებულია, კიდევ ვაპირებთ. ვსწავლობთ, ზღვა მასალაა, ძალიან ბევრი ვიდეო, ჩანაწერები და მინდა, ვთხოვო ყველა იმ ჟურნალისტს, ოპერატორს, რომ გვეთანამშრომლონ უფრო აქტიურად. რაც შეძლეს პოლიციელებმა მაქსიმალური გააკეთეს. 3200 პოლიციელი იყო გამოყვანილი. თავიდან იყო 5 ობიექტი, მერე გახდა 8, მერე - 18 ობიექტი გამოძახების. ეს ადამიანები ყველგან გადანაწილებულები იყვნენ, იყო ცრუ გამოძახებებიც ასევე, სადაც გარბოდა 50 პოლიციელი, მიდიოდა და იქ არაფერი ხდებოდა. „ეს ოფისი დაარბიეს, ის ოფისი დაარბიეს, უნდა მიუვარდნენ იქ“ - ვრცელდებოდა ინფორმაცია ანუ, ეს პოლიციური ძალები იყო გაფანტული. სპეცდანიშნულების რაზმი, რა თქმა უნდა, იყო გამოყენებული. ისინი რატომღაც წარმოუდგენიათ, რომ მაინცდამაინც უნდა იყვნენ „რობოკოპებში“ ჩაცმულები. ეს არის სპეციალური ღონისძიების დროს გამოსაყენებელი აღჭურვილობა. ყველგან იყვნენ გადანაწილებულები, ისინი იყვნენ პოლიციელების ფორმაში. სპეციალური ღონისძიება როცა იგეგმება, იცვამენ ამ ფორმებს. როცა უკვე იყენებენ წყლის ჭავლს, გაზს. ანუ, როდესაც მასასთან ხდება მუშაობა და არა ის, რომ 5 კაცს გაეკიდონ "რობოკოპებში" ჩაცმული პოლიციელები.

ველოდით 6 საათზე ამ ადამიანების შეკრებას. ზუსტი დრო, სამწუხაროდ, არ გვითხრეს და ზუსტი ადგილი, სად უნდა შეკრებილიყვნენ. თქვეს ფილარმონიასთან, მობილიზებული იყო იქ მოწინააღმდეგეთა ძალები და შესაბამისად, იქ იყო საპოლიციო ძალები, რომ ეს ადამიანები ერთმანეთს არ დაპირისპირებოდნენ და ძალადობა არ მომხდარიყო. იმას, რომ მოხდებოდა ჟურნალისტებზე ძალადობა, მაგას ვერც წარმოვიდგენდით, ნამდვილად არ გვიფიქრია“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა
.
Print