პოლიტიკა
შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია
მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ევროპელი დიპლომატების ჩართულობით გაფორმებული 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ამაში ოპოზიცია დაადანაშაულა.

,,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტს შეთანხმებაზე ხელი დღემდე არ მოუწერია, ვხედავთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საჭიროდ არ თვლიან, რომ რადიკალურ ოპოზიციას დოკუმენტის ხელმოწერა და მის აღსრულებაში მონაწილეობა მკაცრად მოსთხოვოს... როგორც იტყვიან, ზოგი ჭირი მარგებელია. 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს და პოლიტიკური პროცესები საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის შესაბამისად გაგრძელდება", - თქვა კობახიძემ.

მას არაფერი უთქვამს იმ კრიტიკაზე, რომელიც მმართველი პარტიის მიმართ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კეთდებოდა. კობახიძის თქმით, ისინი სრულად ასრულებდნენ შეთანხმების პირობებს, თუმცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შეთანხმების გვერდის ავლით დანიშვნაზე საუბრობდნენ როგორც საერთაშორისო პარტნიორები, ისე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა 19 ივლისს, ბათუმშიც გაიმეორა ბრიუსელიდან თბილისისკენ მანამდე წამოსული გზავნილები, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა დაარღვია პოლიტიკურ ძალებს შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმება.

"მიშელის" შეთანხმებაში იყო დათქმაც, რომ თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" ხმების 43%-ს მიიღებს, 2022 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.
Print