პოლიტიკა
გაცდენილი სხდომები, ფორმალური კონტროლი, ფრაქციები ინიციატივების გარეშე - ახალციხის საკრებულოს საქმიანობის კვლევა
ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მერიაზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, - წერია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ანგარიშში, სადაც წარმომადგენლობითი ორგანოს 2020 წლის საქმიანობაა შეფასებული. საზოგადოებრივი ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალციხის 33 დეპუტატიდან 21 საკრებულოს არცერთ სხდომაზე არ გამოსულა სიტყვით. მათ არც აზრი გამოუთქვამთ და არც მოხსენების უფლებით უსარგებლიათ. 

ძირითადი მიგნებები
  • ახალციხის საკრებულო საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აღმასრულებელ ორგანოზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა, ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირთა თუ ცალკეულ უწყებათა კონტროლი უმეტეს შემთხვევაში ფორმალურ ხასიათს ატარებდა;
  • საკრებულოს ან მის ფრაქციებს/კომისიებს აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები რაიმე საკითხის განსახილველად არ მიუწვევიათ;
  • ახალციხის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;
  • 2020 წელს, საკრებულომ 14 სხდომა გამართა და დღის წესრიგით გათვალისწინებული 78 საკითხი განიხილა, მათ შორის კენჭისყრაზე 64 საკითხი გავიდა და 64-ვე უცვლელი სახით მიიღეს.
  • საკრებულოს ხუთმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 36 სხდომა გამართა და 65 საკითხი განიხილა, მათ შორის კენჭისყრაზე 62 საკითხი დადგა და, გარდა ერთისა, დეპუტატებმა ყველა ერთხმად მიიღეს. ერთადერთი საკითხი, რომელზეც კომისიამ დადებითი დასკვნა არ დაწერა და მერიას უკან გადაუგზავნა, ახალი ააიპ-ის დაფუძნება იყო. თუმცა, აღნიშნული საკითხი ახალციხის მერმა წლის ბოლო, რიგგარეშე სხდომაზე (შესაბამისი კომისიისა და ბიუროს სხდომებზე განხილვის გარეშე) გაიტანა და დეპუტატებმა ერთხმად ისე მიიღეს, რომ არცერთი შეკითხვა არ დაუსვამთ.
  • ახალციხის 33 დეპუტატიდან 21 საკრებულოს არცერთ სხდომაზე არ გამოსულა სიტყვით. მათ არც აზრი გამოუთქვამთ და არც მოხსენების უფლებით უსარგებლიათ.
  • ახალციხის საკრებულოს 18 თანამდებობის პირიდან 5-მა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია არასრულად შეავსო.
  • საკრებულოში მოქმედი ხუთი ფრაქციიდან ინიციატივა არცერთ მათგანს წარუდგენია. ფრაქციების მიერ გაწეული საქმიანობისთვის ჯამში 178,934.4 ლარი დაიხარჯა.
  • გენდერული თანასწორობის საბჭოს, 2020 წელს, არც სამართლებრივი აქტების პროექტების ანალიზი განუხორციელებია, არც გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ჩატარებული ღონისძიებების მონიტორინგის სისტემის შემუშავებაზე უმუშავია და არც რეკომენდაციები მოუმზადებია.
  • საკრებულოში გამართული 14 სხდომა დეპუტატებმა 136-ჯერ გააცდინეს, მათ შორის 126 - არასაპატიო მიზეზით. რაც შეეხება კომისიების სხდომებში მონაწილეობას, ჯამში გამართულ 36 სხდომაზე 122 გაცდენა დაფიქსირდა და მათ შორის მხოლოდ 2 - საპატიო მიზეზით.
  • 2020 წელს ახალციხის საკრებულოს ხარჯებმა ჯამში 636,711.02 ლარი შეადგინა. ამ თანხიდან 555,098.77 ლარი ხელფასებისთვის გაიწერა.
  • ერთ წელში საკრებულომ 36,045.87 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 64,681.26 ლარი შეადგინა, აქედან ყველაზე მეტი 4,739.68 ლიტრი საწვავი (ჯამური ღირებულებით - 8,052.32 ლარი) საკრებულოს თავმჯდომარემ გახარჯა.
რეკომენდაციები

კონტროლის განხორციელება:

  • საკრებულოს წევრები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი საზედამხედველო საქმიანობაში, კერძოდ უფრო ხშირად უნდა იყენებდნენ კონტროლის მექანიზმებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები სახელმწიფო შესყიდვების პროცესის, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების ზედამხედველობის მიზნით;
  • აღმასრულებელ ორგანოთა საქმიანობის ზედამხედველობის სფეროში აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიები;
  • საკრებულომ აქტიურად და კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს მუნიციპალიტეტში ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტების გამოვლენაზე.
საკრებულოს სხდომები:

  • ახალციხის საკრებულომ უნდა დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა, ასევე, კანონის შესაბამისად, დააანონსოს ყველა სხდომა. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელი ეშლება მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას, ინტერესთა ჯგუფების მობილიზებას, სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას, სათათბირო ორგანოს გამჭვირვალობას.
ანგარიშვალდებულება:

  • საკრებულოს, ისევე როგორც კომისიების სხდომებზე საკრებულოს წევრთა დასწრების მდგომარეობა საგრძნობლად უნდა გაუჯობესდეს. მიგვაჩნია, რომ საკრებულოს ყველა წევრი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს და ესწრებოდნენ სხდომებს. ამასთან, საკრებულოს თითოეული წევრის მხრიდან სხდომის გაცდენის საპატიო თუ არასაპატიო მიზეზები უნდა იყოს გამორკვეული და სათანადო ღონისძიებებიც გამოყენებული.
  • თანამდებობის პირთა დეკლარაციები გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვან მექანიზმს წარმოადგენს, ამასთან, დეკლარაციების არასრულად შევსება კორუფციის საფრთხესაც შეიცავს. ამიტომაც აუცილებელია, რომ თანამდებობის პირებმა დეკლარაცია სრულად შეავსონ.
ფრაქციების საქმიანობა:

  • მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის საქმიანობა სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, ფრაქცია აქტიურად უნდა ჩაერთოს საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების განხილვისა თუ გადაწყვეტის პროცესში, შეისწავლოს/გააკონტროლოს მერიისა თუ მუნიციპალური იურიდიული პირების საქმიანობა; წარსდგეს საკრებულოში ინიციატივებით, აქტიურად ჩაერთოს ბიუჯეტირების პროცესში და ა.შ. ფრაქციები მნიშვნელოვნად ზრდიან თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობას, მხარს უჭერენ ადგილობრივ ინიციატივებს, აგრეთვე მოქალაქეთა საჭიროებებისა და პრობლემების ადვოკატირებას. შესაბამისად, მოვუწოდებთ ფრაქციებს, აღნიშნული ინსტრუმენტები აქტიურად გამოიყენონ;
საკრებულოს ხარჯები:

  • მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს მიერ გაწეული ხარჯები სრულ თანხვედრაში იყოს კანონმდებლობით მისთვის განკუთვნილი უფლებამოსილებების განხორციელებასთან;
  • საკრებულომ მკაცრად უნდა აკონტროლოს როგორც უშუალოდ წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ზოგადად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ხარჯები და ორიენტირებული იყოს ფინანსური რესურსების ეკონომიაზე.
დასახლების საერთო კრება:

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს დასახლების საერთო კრება წარმოადგენს, მისი მოწვევის უფლება აქვს როგორც ამომრჩევლებს, ასევე მუნიციპალიტეტის მერს საკუთარი ინიციატივით ან საკრებულოს შუამდგომლობით.
რადგანაც ახალციხის მუნიციპალიტეტში ადგილობრივების ინიციატივით, დასახლების საერთო კრება მხოლოდ ერთხელ ჩატარდა, მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს ინიციატივით ამოქმედდეს ჩართულობის ეს მექანიზმი, მიმართოს მერს მისი ჩატარების შუამდგომლობით. დასახლების საერთო კრების ჩატარება მუნიციპალიტეტისათვის აუცილებელია ყოველი მომდევნო წლის ბიუჯეტის უკეთ დასაგეგმად.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” ახალციხის საკრებულოს 2017-2019 წლების საქმიანობა გასულ წელს შეაფასა.
Print