პოლიტიკა
ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება - ნიკოლ ფაშინიანი
ვფიქრობთ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც რისკების მართვას ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის, - ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა ნიკოლ ფაშინიანმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრის მთავარი თემა რეგიონის მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგი იყო.

„ჩვენი საუბრის უმეტესი ნაწილი მივუძღვენით ჩვენი რეგიონისთვის მშვიდობიანი განვითარების დღის წესრიგს, რის შესახებაც მე და ჩვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ჩვენ ხალხს ვესაუბრეთ ბოლო პერიოდში გამართულ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. სამწუხაროდ, ჩვენს რეგიონში არის უამრავი კონფლიქტი და საშიშროება. ვცდილობთ, დიალოგში ერთმანეთს დავეხმაროთ, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პარალელურად არსებობს და ვფიქრობთ, შესაძლებლობების გამოყენების საკითხში ერთმანეთის მხარდაჭერა ის ფორმულაა, რომელიც რისკების მართვას ჩვენთვის უფრო შესაძლებელს და ხელმისაწვდომს გახდის,“- განაცხადა ფაშინიანმა.

მან ქართველ კოლეგას 15 სომეხი ჯარისკაცის დაბრუნების საქმეში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. „იმ პერიოდის განმავლობაში, ტელეფონით ბევრჯერ ვისაუბრეთ. ხუმრობით ვამბობ, რომ ამ ორი დღის განმავლობაში მე საქართველოს პრემიერთან უფრო მქონდა კონტაქტი, ვიდრე წინასაარჩევნო პერიოდში, ჩვენს ამომრჩეველთან. ამ დღებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი პირადი ურთიერთობის ახალი დონის ჩამოყალიბება, ამ დღეებში ჩამოყალიბებული ატმოსფერო ძალიან კარგი საფუძველია იმის, რომ ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობების ურთიერთობები უფრო შედეგიანი და ლოგიკური იყოს. შევთანხმდით, რომ სომხეთში ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისევ გავააქტიურებთ მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობას.

ჩვენ განვიხილეთ ასევე ის შესაძლებლობები, რომელიც არსებობს. ეს ეხება არამხოლოდ სომხეთს და საქართველოს, ჩვენ განვიხილავთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რეგიონში ერთმანეთის პოტენციალი რომ უფრო გავზარდოთ. საუბარია ტრანზიტულ გზებზე. პროექტები ხორციელდება ენერგეტიკაში, ტრანსპორტში. ჩვენ განვიხილავთ პროექტებს და შესაძლო გადაწყვეტებიდან ჩვენ ყველაზე შედეგიან ვარიანტს მოვძებნით,“
- განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში სომეხი და ქართველი სპეციალისტები თანამშრომლობდნენ და თანამშრომლობენ.
Print