პოლიტიკა
მარინა აბულაძემ სამსახურიდან გათავისუფლება სასამართლოში გაასაჩივრა
გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პირველმა ნომერმა მარინა აბულაძემ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ ყოფილი იურისტი ითხოვს, რომ გათავისუფლების ბრძანება გაბათილდეს, სამსახურში თავისივე პოზიციაზე აღადგინონ, განაცდური აუნაზღაურონ და დადგინდეს დისკრიმინაცია.

დების - თამარ და მარინა აბულაძეების ინტერესებს სასამართლოში „სამართლიანი არჩევნების“ ადვოკატი თეა თედლიაშვილი იცავს. მისი თქმით, გათავისუფლების ორივე ბრძანება დაუსაბუთებელია, რადგან მასში შრომის კოდექსის 47-ე მუხლია მითითებული, სადაც ჩამოთვლილია არაერთი პუნქტი, რა შეიძლება გახდეს სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი.

თამარ აბულაძის საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციიდან გათავისუფლების მიზეზი ვკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს. გელა ნოზაძემ გვითხრა, რომ ამას სასამართლო დაადგენს.

ამ ეტაპზე, სასამართლოშია მარინა აბულაძის სამოქალაქო სარჩელი, ადვოკატი თამარ აბულაძის ადმინისტრაციულ სარჩელსაც მალე შეიტანს.

შეგახსენებთ, რომ გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის დედა და დეიდა სამსახურებიდან 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. დები ამბობენ, რომ სამსახურიდან წასვლა ბესიკ ამირანაშვილმა მოსთხოვა, მათი უარის შემდეგ კი ორივემ სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო.

Print