პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს
თავისუფლების მოედანზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია დაიწყო. შეკრებილებმა ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

აქციის მონაწილეების ნაწილი თავდაპირველად ორბელიანის და რესპუბლიკის მოედნებზე შეიკრიბა, რის შემდეგაც მათ თავისუფლების მოედანზე მსვლელობით გადაინაცვლეს. "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციას რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

მომიტინგეთა მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

,,ხელისუფლება ყოველთვის ითვლის თავებს, ამიტომ გადავწყვიტეთ ეს აქციაც იყოს დიდი სახალხო ლეგიტიმაცია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების. მოვიდნენ და ნახონ, რომ ათი ათასობით ადამიანი ითხოვს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას" - განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნუგზარ წიკლაურმა თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე.

ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, დღევანდელი აქცია არის დიდი სახალხო, საპროტესტო მოძრაობის დასაწყისი და საქართველოში აღარავის არ სურს სტაგნაცია, ამიტომ, ამ მოძრაობის შეფერხება უბრალოდ შეუძლებელია.
Print