პოლიტიკა
არჩევნები დასრულდა, მაგრამ გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინიგი გამართა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს პოლარიზაციის დასრულებისკენ მოწოდა. არჩევნების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანას დაწყნარება და სტაბილურობა სჭირდება.

,,დღეს, ყველას ერთი კითხვა აქვს - რა იქნება შემდეგში? რა უნდა გავაკეთოთ, როგორ მივიდეთ შედეგამდე და როგორ გამოვიდეთ ამ ჯადოსნური წრიდან. რეალურად, ჩატარებული არჩევნები ამის საშუალებას გვაძლევს. უნდა დავიწყოთ ქვედა რგოლიდან.. ეს არის თვითმმართველობის არჩევნების ძირითადი მიზანი. მედიას აკისრია მნიშვნელოვანი მიზანი, საზოგადოების დამშვიდებასა და პოლარიზაციის დასრულებაში. ამის იმედი მაქვს.

არჩევნები დასრულდა, თუმცა რეალურად გამარჯვებულად თავი არავინ უნდა ჩათვალოს, რამე თუ გამარჯვებული არც ქვეყანაა და არც საზოგადოება. ქვეყანას სჭირდება დაწყნარება და სტაბილურობა, რათა დაუბრუნდეს განვითარების გზას, საზოგადოებას კი მშვიდობა პოლიტიკური დაპირისპირებიდან საქმეზე გადასვლა. ერთი მხრივ, კონცენტრირება იმ მთავარ საკითხებზე, რომელიც მარტო არც ერთ ძალას არ შეუძლია და მეორე მხრივ, დესტაბილიზაციის მცდელობების დასრულება, რამეთუ დესტაბილიზაცია მხოლოდ გარე ძალებს თუ უწყობს ხელს"
- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა რისკჯგუფებისთვის სავალდებულო აცრების შესახებაც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცრელი ადამიანებისთვის მკურნალობა ფასიანი გახდეს.

,,ჩვენ მომსწრეები ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომარეობაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელი. სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირები, მეც მათ შორის, რომლებსაც უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის და მეტი გამბედაობა.

პასუხისმგებლობა, ასევე, ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად და სიფრთხილის მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს, რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. [...] მივმართავ საპატრიარქოს, როგორც დღეს გავაკეთე, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელისუფლებას მიმართა, რომ რისკჯგუფებისთვის აცრა სავალდებულო გახდეს.

,,მივმართავ ხელისუფლებას, სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის.

მივმართავ მედიას, გახშირდეს სამედიცინო ხასიათის გადაცემები. მიუღებელია ჩაკეტვა, რადგან ეს დააზარალებს ეკონომიკას და მოსახლეობის იმ ნაწილს განსაკუთრებით დააზარალებს, ვინც იმყოფება უმძიმესი სოციალური მდგომარეობის წინაშე. იგნორირებული იქნა მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური საჭიროებები. ხელისუფლების მიერ საკუთარი მიღწევებით მოწონების მიუხედავად, მოქალაქეები განიცდიან სოციალური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას, ეს საკითხები კი ვერ მოხვდა პარტიების დღის წესრიგში" - განაცხადა პრეზიდენტმა.

დღევანდელ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობისა და პატიმრობის შესახებაც განმარტა. მისი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია.

,,პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობს სპექტრის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად მისი დამოკიდებულებისა, ,,და გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესისა, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად და ეს მოითხოვს პენიტენციური ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომების მიღებას, რათა მისი ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნას გამოყენებლი პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს არის და ეს. ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები".

სალომე ზურაბიშვილმა სამ მთავარ გამოწვევაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი მოგვარების გზებზე სამსჯელოდ ყველასთვის ღიაა.

,,ჯანმრთელობის კატასტროფის თავიდან აცილება, სოციალურ -ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა და ევროინტეგრაციის გზაზე განვითარება - ეს არის ჩვენი ზეპარტიული გამოწვევა. ეს არის ერთადერთი, ჩვენი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების გზა. ეს არის მთავარი პასუხი კითხვაზე, როგორ დავასრულოთ პოლარიზაცია და არა ერთმანეთი" - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

Print