პოლიტიკა
ვარდების რევოლუციიდან 18 წელი გავიდა
„ვარდების რევოლუციიდან“ 18 წელი გავიდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ როცა 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ხალხი პარლამენტის წინ მთელი სამი კვირის განმავლობაში აპროტესტებდა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით, მეხუთე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მაინც დაინიშნა 22 ნოემბერს, 16.00 საათზე, თუმცა სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“, „ბურჯანაძე-დემოკრატებიდან“, „ლეიბორისტული პარტიიდან“ და „ახალი მემარჯვენეებიდან“. 22 ნოემბერს პარლამენტში არც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და არც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.

შეიქმნა კვორუმის პრობლემა. 16.50 საათზე სხდომა ჯერ კიდევ არ იყო გახსნილი, მაგრამ სულ მალე პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა „ახალი მემარჯვენეების“ 6-კაციანი დელეგაცია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა „ახალი მემარჯვენეების ლიდერს, დავით გამყრელიძეს, და განაცხადა, რომ კვორუმი „საკმარისზე მეტი“ იყო.

ედუარდ შევარდნაძე მივიდა ტრიბუნასთან და ვრცელი სიტყვის კითხვას შეუდგა, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილსა და „სახალხო ლაშქართან“ ერთად, პარლამენტის შენობა აიღეს. შევარდნაძე აგრძელებდა დაწერილი სიტყვის კითხვას. ბოლოს პრეზიდენტის დაცვის წევრებმა პარლამენტის შენობიდან გაიყვანეს. დარბაზიდან გაიქცნენ სახელისუფლებო ბლოკისა და „აღორძინების“ წევრებიც. 18.00 საათისათვის პარლამენტის შენობა მთლიანად გაერთიანებული ოპოზიციის ხელში იყო.

ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები დღეს ცოცხალ ჯაჭვს მოაწყობენ, რომელიც თავისუფლების მოედნიდან დაიწყება და ვარდების მოედანზე დასრულდება.

„17:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე აქცია დაიწყება. ამ აქციას ორი მიზეზი აქვს - ერთის მხრივ, ხელისუფლება სულ ცდილობს ეს დღე დააკნინოს, გააუფერულოს, მნიშვნელობა დაუკარგოს. ხელისუფლებას ვეუბნებით, რომ ამ ქვეყანაში ადამიანები არსებობენ, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ მისი მნიშვნელობაც და ამ დღის ღირებულებაც. მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ კონკრეტული ამბების მადლობლები ვართ, რადგან როგორც წესი, კრიტიკა ესმის მუდამ შორიდან. შესაბამისად, ახლა გავაგონებთ მადლობასაც“, - განაცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

შეუერთდებიან თუ არა აღნიშნულ აქციას პოლიტიკოსები, უცნობია. თუმცა, ორგანიზატორები ყველა მსურველს ცოცხალ ჯაჭვში ჩასადგომად ეპატიჟებიან.
Print