პოლიტიკა
საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, ბრალდებული პროცესს პირველად ესწრება
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას პირველად ესწრება თავად ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტი.

სააკაშვილის პროცესი ხმაურის და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველა პირი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს.

აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print