პოლიტიკა
„როგორც ჩანს, მოსკოვში 1-დან 3-მდე დათვლა დაავიწყდათ“ - ევროპის ანალიტიკური ცენტრი
ევროპული ანალიტიკური ცენტრი Commonspace.eu ე.წ. 3+3 ფორმატის შესახებ სარედაქციო წერილს აქვეყნებს სათაურით „როგორც ჩანს, მოსკოვში 1-დან 3-მდე დათვლა დაავიწყდათ“.

10 დეკემბერს მოსკოვში ე.წ. 3+3 ფორმატის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველო არ დასწრებია. საქართველო ამ ფორმატში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. ამის მიუხედავად, შეხვედრაზე, სხვა ქვეყნების დროშებთან ერთად, საქართველოს დროშაც იყო აღმართული.

„რუსეთი აგრძელებს 10 დეკემბერს მოსკოვში გამართული შეკრების წარმოჩენას, როგორც „3+3“-ის ფორმატის შეხვედრას, მაშინ როდესაც მას სინამდვილეში მხოლოდ ხუთი ქვეყანა ესწრებოდა და ეს უფრო „2 + 3“-ის ფორმატი იყო. დიპლომატიური სიცრუე არ არის ის საფუძველი, რომელზედაც სამხრეთ კავკასიის რეგიონული თანამშრომლობა უნდა აშენდეს“, - ნათქვამია სტატიაში.

ანალიტიკური ცენტრი Commonspace.eu აღნიშნავს, რომ ათ წელზე მეტია მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას სამხრეთ კავკასიაში, მაშინაც კი, როდესაც ამის გაკეთება არც თუ ისე მოდური იყო.

„ჩვენ ყოველთვის ვაცნობიერებდით, რომ ეს თანამშრომლობა უნდა დაწყებულიყო სამ ძირითად ქვეყანას შორის - სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. როდესაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს ვერ ხერხდებოდა, ჩვენ ასევე მხარს ვუჭერდით სხვა კონფიგურაციას, როგორიცაა, მაგალითად, აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის კონფიგურაცია. ჩვენ ასევე ყოველთვის ვაღიარებდით სხვა ქვეყნების მნიშვნელობას, როგორიც არის რუსეთი, თურქეთი, ირანი, ევროკავშირი და აშშ, რომ შეერთებოდნენ ამ პროცესებს და მართლაც, ზოგიერთ საკითხში მათი წარმომადგენლობა აუცილებელია.

ასე რომ, როდესაც გასულ კვირას გამოცხადდა, რომ სომხეთი, აზერბაიჯანი, ირანი, რუსეთი და თურქეთი 10 დეკემბერს მოსკოვში საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ, ჩვენ ეს დადებით მოვლენად შევაფასეთ. კერძოდ, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების მომავლისთვის ასეთი ფორმატი, შესაძლოა, სასარგებლო იყოს. ამიტომ ძალიან გულდასაწყვეტი იყო, რომ რუსები დაჟინებით აგრძელებდნენ მოსკოვში გამართული შეკრების წარმოჩენას, როგორც „3+3“ ფორმატის შეხვედრას, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ ხუთი ქვეყანა იყო და ეს უფრო „2+3“ ფორმატი იყო.

ამიტომაც დაგვაინტერესა, დაავიწყდათ თუ არა მოსკოვში 1-დან 3-მდე დათვლა. შეხვედრის სურათი ვიხილეთ, რომელშიც ნაჩვენები იყო ექვსი ქვეყნის დროშა (5 დამსწრე ქვეყანა და საქართველო). ეს მაშინ, როდესაც საქართველომ საჯაროდ და ცალსახად განაცხადა, რომ არ აპირებდა შეხვედრაზე დასწრებას და რომ არ სურდა ამ პროცესის ნაწილი ყოფილიყო. ეს აშკარად რუსეთის დიპლომატიური მზაკვრობა იყო, რაც ამ ფორმატის მოსალოდნელი თანამშრომლობისთვის ტონს აყალიბებს“,
- ნათქვამია სტატიაში.

სარედაქციო წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ამ წარმოსახვითი „3+3“ ფორმატის ნაწილი და არც არასდროს გამოუჩენია მასში მონაწილეობის სურვილი - მიზეზი ნათელია: საქართველო ასეთ ფორმატში რუსეთთან ერთად მანამ ვერ დასხდება, სანამ რუსეთი ქვეყნის დაშლას აგრძელებს.


„მოსკოვში „ხუთი მონაწილე ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ მოქნილი სამუშაო ფორმატის მიღებაზე და იმედი გამოთქვეს, რომ მომავალში საქართველოც შეუერთდება კონსულტაციებს“. რუსებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ, თუ ნამდვილად სურთ, რომ საქართველო ამ პროცესს შეუერთდეს. მოსკოვმა ამ ქმედებებით ზიანი მიაყენა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივასა და ინკლუზიური ჩარჩოს განვითარებას, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. სამხრეთ კავკასიას რეგიონული თანამშრომლობა სჭირდება. ეს უნდა დაიწყოს თავად სამ ძირითად ქვეყანას შორის: სომხეთმა, აზერბაიჯანმა და საქართველომ უნდა იპოვონ გზა ათწლეულების განმავლობაში უნდობლობის დასაძლევად და დაიწყონ ეს პროცესი. შემდეგ მათზეა დამოკიდებული, შეუერთდნენ უნდა თუ არა ამ პროცესს სხვები“, - აღნიშნულია სტატიაში.
Print