პოლიტიკა
ჩვენ გავაგზავნეთ პროექტები, რომლებიც გამორიცხავდნენ ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებას - ვლადიმერ პუტინი
რუსეთი მხარს უჭერს თანაბარ და განუყოფელ უსაფრთხოებას მთელ ევრაზიულ სივრცეში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის მიერ აშშ-სა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნაზე კომენტირებისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი განსაკუთრებულ პირობებს არ აყენებს.

ვლადიმერ პუტინმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს ვაშინგტონისგან სჭირდება უსაფრთხოების სამართლებრივი და არა სიტყვიერი გარანტიები.

„როგორც მოგეხსენებათ, აშშ-ის პრეზიდენტს შევთავაზე მოლაპარაკებების დაწყება კონკრეტული შეთანხმებების შემუშავებაზე. სხვათა შორის, საუბრისას, მან ამ მიმართულებით პასუხისმგებელი პირების დანიშვნაც შემოგვთავაზა. მისი წინადადებების საპასუხოდ, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი პროექტები, რომლებიც გამორიცხავდნენ ნატოს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებას და მეზობელ ქვეყნებში შეტევითი იარაღის სისტემების განთავსებას“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის ზოგიერთი არაკეთილმოსურნე ამ წინადადებებს ულტიმატუმად აფასებს, მაგრამ ეს ასე არ არის.

ამასთან, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მიიღებს ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს არამეგობრული ნაბიჯებისთვის.

„დასავლელი კოლეგების მიერ აშკარად აგრესიული პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ჩვენ მივიღებთ ადეკვატურ სამხედრო-ტექნიკურ ზომებს და არამეგობრულ ნაბიჯებს მკაცრად ვუპასუხებთ“, -აღნიშნა პუტინმა.

პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება სისხლისღვრას და სურს საკითხების პოლიტიკური და დიპლომატიური გზით გადაჭრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სგან მიიღებენ მკაფიო და ამომწურავ პასუხს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მათ წინადადებებზე.
Print