პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია რუსთავის მე-12 დაწესებულებაში - პენიტენციური სამსახური
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის საკითხზე განმარტებას აკეთებს. უწყება ადასტურებს, რომ სააკაშვილი რუსთავის საპატიმროშია გადაყვანილი და აღნიშნავს, რომ ეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით განხორციელდა.

„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი №12 პენიტენციურ დაწესებულებაშია“ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან“ გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ უწყებაში.

უწყების განცხადებას ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გატაცება ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ უნდოდათ, თუმცა შეეშინდათ, რომ შესაძლოა ხელში ჩაკვდომოდათ და ამიტომ ვერ მოახერხეს. როგორც მელიამ აღნიშნა, სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის საპატიმროში გადაყვანის ვიდეოკადრები ადრე თუ გვიან გავრცელდება და ის ბევრად უფრო მძიმე იქნება, ვიდრე აქამდე გავრცელებული ჩანაწერები.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიუღია არც ბიძინა ივანიშვილს და არც ირაკლი ღარიბაშვილს, ეს გადაწყვეტილება სხვაგან მიიღება, რაც არ უნდა ეს ყველაფერი ვიღაც-ვიღაცებს ყურს სჭრიდეს, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობთ. მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცებები იგეგმება სხვა ქვეყანაში და ხორციელდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანების მიერ, ვისაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო. თავიდან ბოლომდე ამ პროცესში ჩართულია რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურები" - განაცხადა ნიკა მელიამ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს. მისი თქმით, მელია აცხადებდა, რომ იგეგმება მიხეილ სააკაშვილის ციხიდან ციხეში, ჰოსპიტლიდან ციხეში გატაცება, ამ პროცესში ჩართული არიან რუსეთის სპეცსამსახურები.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ დღის მანძილზე მესიჯბოქსს ოთხჯერ ცვლის, ოღონდ, სიტყვა იყოს რუსული და ათასს სისულელეს ლაპარაკობენ.

„ქართულ პოლიტიკაში რუსული ნარატივის შემოტანა არის თავად მიხეილ სააკაშვილის დავალება საკუთარი თანამშრომლების მიმართ, რომელსაც კომპლექსი აწუხებს თავისი რუსული წარსულის შესახებ. არა იმაზე, რომ ჯარში მსახურობდა, არამედ რამდენად რუსული ნაბიჯები გადადგა და რამდენად რუსეთის სასიკეთო საქმე აკეთა მთელი თავისი „მოღვაწეობის“ ფარგლებში, როცა მისივე თქმით, ქართულ სახელმწიფოს ქმნიდა. ორი ნარატივი გვაქვს – ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ქართული სახელმწიფო და მეორე, შეგიძლია, აკეთო რუსული საქმე, მაგრამ რუსეთს და პუტინს მაგრად თუ შეაგინებ, ამ ყველაფერს სხვას დააბრალებ. ამ ნარატივიდან უნდა გამოვიდეთ" – განაცხადა მდინარაძემ.
Print