პოლიტიკა
,,დახოცეთ გაფრთხილების გარეშე!" - რა ხდება ყაზახეთში
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა თავდაცვის ძალებს გაფრთხილების გარეშე დახოცვა უბრძანა, ამის შესახებ CNN წერს. პრეზიდენტმა საჯარო მიმართვაში განაცხადა, რომ არეულობა, რომელიც საწვავზე ფასების ზრდის გამო დაიწყო, კარგად მომზადებულმა "ტერორისტმა ბანდიტებმა" დაიწყეს.

ყაზახეთის სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელი მონაცემებით, შეტაკებების შედეგად გარდაცვლილია 18 სამართალდამცველი და 26 "შეიარაღებული კრიმინალი".

დაკავებულია 3800-ზე მეტი ადამიანი. ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, ალმატიში მყოფი ჟურნალისტები ჰყვებიან, რომ ქუჩებში ტყვიებით დაცხრილული გვამები წვანან და მუდმივად ისმის სროლის ხმა.

ტოკაევმა განაცხადა, რომ ალმატიში სიტუაცია "დასტაბილურდა" :

,,თუმცა ტერორისტები განაგრძობენ სახელმწიფო და პირადი საკუთრების დაზიანებას, ისინი იყენებენ იარაღს მოქალაქეების წინააღმდეგ. სამართალდამცველებსა და ჯარს მივეცი ბრძანება, დახოცონ ისინი გაფრთთხილების გარეშე," - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციის განყოფილებებში იმყოფება 4266 დაკავებული. მათ შორის არიან უცხო ქვეყნების მოქალაქეებიც.

„ალმათის ოლქის ერთ-ერთ სოფელში დაკავებულია 100-ზე მეტი ადამიანი. წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულები მეზობელი ქვეყნების მოქალაქეები არიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალმათიში, კალკამანის მიკრორაიონში, პოლიციელებმა ამოიღეს ტყვიები, საბრძოლო იარაღი და გატაცებული ნივთები: ველოსიპედები, ტელევიზორები, მობილური ტელეფონები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე იტყობინება, რომ ჟამბილსკის ოლქის დასახლებულ პუნქტში აღმოჩენილია იარაღის სამალავი, რამდენიმე ავტომატი და პისტოლეტები.

7 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა თავის მიმართვაში განაცხადა, რომ ალმათის „20 ათასი ბოევიკი დაესხა თავს“.

2 იანვარს ყაზახეთში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ქვეყნის დასავლეთში მდებარე მანგისტაუს ოლქიდან და შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი იყო გათხევადებული ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება.

4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა, 5 იანვარს საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა და მასობრივი არეულობების ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიის და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს, ყაზახეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, 6 იანვარს, გამთენიისას კი ალმათიში დაიწყო "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია".

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა 6 იანვარს დახმარება სთხოვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, ქვეყანაში გაიგზავნა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები.

რადიო თავისუფლების ყაზახეთის ბიუროს ცნობით, ალმათის მცხოვრებთა თქმით, ალმათის ცენტრში, 8 იანვარს, დილის ექვსი საათიდან ისმის სროლის ხმა. კონკრეტულად სად ისვრიან, მათ ამისი თქმა უჭირთ. რესპუბლიკის მოედანზე დგანან სამხედროები. მობილიზებულია სამხედრო ტექნიკაც.

პარასკევს ყაზახეთში 150 სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა მეზობელი ყირგიზეთიდან. ესაა ნაწილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის ნაწილი. ქვეყანაში ისინი ჩავიდნენ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევის თხოვნით ჩავიდნენ მასობრივი საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის გამო, რასაც ტოყაევი ტერორიზმის აქტებს უწოდებს.

ტასის ცნობით, ყირგიზეთის სამხედროები ყაზახეთში რუსეთის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით ჩაიყვანს. რუსეთის სამხედროები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კონტინგენტის უდიდეს ნაწილს შეადგენენ. ყაზახეთში სამი ათასამდე რუსეთის სამხედრო გაიგზავნა. კონტინგენტში შედიან ასევე სამხედრო მოსამსახურეები ბელარუსიდან, სომხეთიდან და ტაჯიკეთიდან. ტაჯიკეთის სამხედროებიც რუსეთის თვითმფრინავებით ჩაიყვანეს ყაზახეთში.

ყირგიზეთიდან სამხედროთა გაგზავნა პარასკევს მოიწონა ქვეყნის პარლამენტმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის სამხედროები ყაზახეთში „არ მიიღებენ მონაწილეობას ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოებისა და არმიის ქვედანაყოფების ოპერატიულ-საბრძოლო ღონისძიებებში.“
Print