პოლიტიკა
საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს - დავით ზალკალიანი
საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს , - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფრთხის წინაშე დაყენება სრულიად მიუღებელია. საქართველო სოლიდარობას უცხადებს უკრაინასა და უკრაინელ ხალხს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით",- წერს ზალკალიანი "ტვიტერზე", რითაც სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას #standwithukraine უერთდება.

დღესვე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა უკრაინის საელჩოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების მდუმარება არამხოლოდ გაუგებარია, არამედ ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფო ინტერესებისთვის.

,,კარგია, რომ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიცია აფიქსირებს საკუთარ შეხედულებას, მათ შორის მშვიდობიანი აქციით, რადგან იმ მდუმარების ფონზე რასაც ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანია ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა იცოდნენ, რომ მათ მხარდაჭერა აქვთ ჩვენი საზოგადოებისგან. სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან ბევრი დრო დავკარგეთ უკვე, რეალურად გასული წლების მანძილზე ჩვენ უნდა გვქონოდა აბსოლუტურად კოორდინირებული პოზიცია უკრაინასთან ერთად და ერთობლივად ლობირება უნდა გაგვეწია ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციის დასაჩქარებლად, მაგრამ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ მოიხსნას ყველა ის საკითხი, რომელიც იწვევს უთანხმოებას საქართველოს და უკრაინას შორის და ჩვენ ერთობლივი ძალებით შევძლოთ და მივაღწიოთ პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა სამადაშვილმა.
Print