პოლიტიკა
"ნუნუკა თამაზაშვილის უკანა ეზოდ გადააქციეს ბაკურიანი" - ოპოზიცია ტერიტორიაზე არ შეუშვეს
ხმაური იყო ბაკურიანში, იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილს ტყე აჩუქეს. ადგილზე მისულ ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლებს პოლიცია და მოქალაქეები დახვდნენ. აქტივისტებმა ოპოზიციის წევრები ტერიტორიაზე არ შეუშვეს.

"ნუნუკა თამაზაშვილის უკანა ეზოდ გადააქციეს ბაკურიანი და ამასობაში ნაცვლად იმისა, რომ ღარიბაშვილი დაკავებული იყოს გაჭირვებული მოსახლეობის დახმარებაზე, სამსახურების შექმნაზე, დაკავებულია იმით, რომ საჯარო მოხელეები ამოყარა, პოილიციელები მიიყვანა თავის ტყესთან, რომ არ შეწუხდეს ღარიბაშვილი. ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა ხალხისთვის თუ რომელი ტყე, ხალხის ტყე, აჩუქეს ნუნუკა თამაზაშვილს,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ლევან ხაბეიშვილი.

ოპოზიციის წევრებმა დღესვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. განაცხადზე მსურველებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება შეუძლიათ, რომლის თანახმადაც ოპოზიცია და მოქალაქეები მოითხოვენ ბაკურიანის ტყე კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდეს.

ბაკურიანში, სახლის უკან მდებარე ტერიტორია, რომელიც ამჟამად ტყის ფონდის საკუთრებაში ირიცხება, 49 წლიანი იჯარით პრემიერის მეუღლეს ნუნუ თამაზაშვილს, დაახლოებით ერთი თვის წინ გადაეცა. იჯარით გადაცემული მიწის ფართობი 5958 კვადრატულ მეტრს შეადგენს.
Print