პოლიტიკა
რაც ისვრის, უკრაინას ყველაფერი უნდა გავუგზავნოთ - ამერიკელი სენატორი
ამერიკა პარტნიორებთან ერთად განაგრძობს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდასთან დაკავშირებით. ჯო ბაიდენს სენატორებმა ოფიციალურად მოუწოდეს გააძლიეროს უკრაინის სამხედრო დახმარება.

პრეზიდენტ ზელენსკის კონგრესში გამოსვლის შემდეგ, სენატის რესპუბლიკელებმა პრესკონფერენცია მოიწვიეს და პრეზიდენტს მოუწოდეს უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღება გადასცეს. მათ შორის ის მოიერიშე თვითმფრინავები, რომელთა ამერიკის შუამავლობით მიწოდების სურვილი, პოლონეთმა გამოთქვა.

,,შეერთებულმა შტატებმა უნდა უზრუნველყოს ბევრად მეტი ლეტალური სამხედრო დახმარება, ვიდრე ახლა ვაძლევთ. უნდა გადავცეთ სტინგერები, ჯაველინები, დრონები და რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მოიერიშე თვითმფრინავები. პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ თვითმფრინავები მისი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. პოლონეთმა შესთავაზა "მიგები", რომელთა მართვაც უკრაინელმა პილოტებმა იციან. პრეზიდენტმა ბაიდენმა კი პირადად დაადო ვეტო ამ თვითმფრინავების უკრაინისთვის მიცემას. პრეზიდენტმა მიგების გადაცემის ნებართვა დღესვე უნდა გასცეს," - განაცხადა სენატორმა ტეხასის შტატიდან, ტედ კრუზმა.

კონგრესის წევრებზე იმოქმედა და მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა იმ ვიდეომ, რომელიც მათ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უჩვენა. სენატორმა ბენ სასმა თქვა, რომ ეს კადრები ყველა მშობელმა უნდა ნახოს.

,,ჩვენ ვიცით ვინ არის ზელენსკი. ვიცით, ვინ არიან უკრაინელები. ისინი მშვიდობისთვის იბრძვიან. ვიცით ვინ არის პუტინი. ის ქალებს და ბავშვებს ბომბავს. შეკითხვა, რომელიც მიმართვის შემდეგ გაჩნდა არის: "ვინ ვიქნებით ჩვენ"? ვართ სუპერძალა და ზელენსკიმ გამოგვიწვია, რომ ასე ვიმოქმედოთ. ზელენსკის მეტი სჭირდება და რაც ისვრის, ყველაფერი უნდა გავუგზავნოთ," - ამბობს ბენ სასი.

სენატორი მისისიპის შტატიდან როჯერ უიქერი აცხადებს, რომ ვლადიმირ პუტინი სერიული სამხედრო დამნაშავეა. მისი თქმით, ის გააგრძელებს უდანაშაულო ადამიანების დახოცვას, ვიდრე არ გააჩერებენ.

უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესახებ ადამინისტრაციაში განმარტებები გააკეთეს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა თქვა, რომ უკრაინას საზენიტო სარაკეტო კომპლექს „სტინგერებს" აძლევენ. რაც შეეხება დიდ სიმაღლეზე ეფექტურ საზეიტო-სარაკეტო კომპლექს S300-ებს, რომლებიც ზელენსკიმ მოითხოვა, ჯენ ფსაკის თქმით, ამერიკა აგრძელებს მუშაობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა დახმარების მოცულობა გაიზარდოს. მათ შორის, საბჭოთა და რუსული წარმოების საზენიტო სარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით. S300-ებს ნატოს სამი წევრი სახელმწიფო: ბულგარეთი, საბერძნეთი და სლოვაკეთი იყენებს.
Print