ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება - ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილმა ქობულეთში, სადაც ბულვარის მშენებლობის სამუშაოებს გაეცნო, უკრაინა-რუსეთის ომის შესახებ ისაუბრა. საქართველოს პრემიერმა ომის შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ,,სამწუხაროდ ომის შემჩერებელს ვერავის ხედავს".
,,რაც ხდება დღეს უკრაინაში, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის ყველასთვის უაღრესად შემაშფოთებელი. 4 ათასზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი არის დანგრეული, განადგურებული. ქალაქები არის მიწასთან გასწორებული და ათასობით სამოქალაქო პირი შეეწირა ამ ომს, ამ უბედურებას, დღემდე გრძელდება ეს ტრაგიკული მოვლენები. სწორედ ამაზე ვსაუბრობდი მე, ჯერ კიდევ 25 თებერვალს, რომ თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა, შეეწირებოდა ათასობით უკრაინელის სიცოცხლე, მათი ტერიტორიული მთლიანობა დაირღვეოდა და ასეც არის. თქვენ ხედავთ, რომ მთელი რიგი ტერიტორიები არის უკვე ოკუპირებული რუსეთის მიერ უკრაინაში და ეს პროცესი გრძელდება. ამის შემჩერებელი, სამწუხაროდ ვხედავთ, რომ არავინ არ არის. კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი მთავრობის სახელით უკრაინელების მიმართ" - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, რომ „პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც, მე ყოველთვის ყველგან ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის, თქვენი ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ის, რაც არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის, ჩვენი ხალხის ინტერესებისთვის, მე მხოლოდ იმ პოლიტიკას გავატარებ“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ყველას მეტი პასუხისმგებლობა მართებს.
„რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკას, ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინას ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს გაეროს, ევროკავშირის, ევროპის საბჭოს, თუ ეუთოს ფორმატები, ყველაგან მხარი დავუჭირეთ. ვიყავით თანაორგანიზატორები, ტანასპონსორები, თუ უბრალოდ მხარდამჭერები უკრაინის რეზოლუციების მიმართ და შევუერთდით ყველა პოლიტიკურ გზავნილს და რეაზოლუციას. ამით რა თქმა უნდა ჩვენმა სახელმწიფომ გამოხატა სოლიდარობა უკრაინელების მიმართ.
რაც შეეხება სანქციებს, ეკონომიკური სანქციების დაწესება ჩვენი მხრიდან, საქართველოს მხრიდან არ მოხდება და მე მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, რომ ამ განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით ჩვენი გუნდი და პირადად მე ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული დღეს, ნუ დაგავიწყდებათ და მეტი პასუხისმგებლობით მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ. 20% ჩვენი ტერიტორიების არის ოკუპირებული და 30 წლის განმავლობაში ჩვენ სამი ომი გადავიტანეთ. ამ ომში სამწუხაროდ და საუბედუროდ ძალიან ბევრი, ასეულობით ადამიანი დაზარალდა და ათასობით, ათი ათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს, ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედაობა არ უნდა გამოვიჩინოთ“, - განაცხადა პრემიერმა.