პოლიტიკა
დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ზალკალიანმა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

დავით ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის რანგში განაგრძობს საქმიანობას. ზალკალიანს მინისტრის პოსტზე ილია დარჩიაშვილი შეცვლის. ის მთავრობის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსია.

ბრიფინგს დავით ზალკალიანი და ილია დარჩიაშვილის ესწრებოდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, საქართველოს ამოცანაა, კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.

„ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ამერიკის შეერთებულ შტატებში. მინდა მას დიდი მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ბატონ დავითს აქვს უზარმაზარი გამოცდილება. 30 წელი ემსახურება ჩვენს ქვეყანას, საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე. მას პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში აქვს მიღებული მონაწილეობა 30 წლის განმავლობაში.

ჩვენი მთავრობის დროს ბატონი დავითი ჯერ მინისტრის მოადგილის, შემდეგ მინისტრის რანგში მონაწილეობდა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ევროკავშირში თუ ნატოში ინტეგრაცია. ჩვენი გუნდის და მთავრობის სახელით, მინდა დათოს მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი და ბუნებრივია, როცა ჩვენი მთავრობა ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ნიშნავს ასეთი მდიდარი დიპლომატიური გამოცდილების კადრს, ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენი ამოცანა, ჩვენი სურვილია კიდევ უფრო სხვა ნიშნულზე გადავიტანოთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები. მჯერა, რომ დათო ამას წარმატებით შეძლებს“
, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ილია დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

,,ილიას მრავალმხრივი გამოცდილება აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის. მას აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მე მჯერა, რომ ილია იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ იგი მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობა, მანამდე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელი იყო, მანამდე პოლონეთის საელჩოში მუშაობდა და ბოლო წლებში, 4 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ელჩი პოლონეთში.

მე მჯერა, რომ ილია წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება და მას წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ამ სიტუაციაში ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა და ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად, ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება გვჭირდება. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს,"
- განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print