პოლიტიკა
ბელარუსის არამეგობარი ქვეყნების სიაში საქართველო არ მოხვდა
ბელარუსული სახელისუფლებო გამოცემა Belta-ს ცნობით, ბელარუსმა არამეგობარი ქვეყნების სია დაამტკიცა, რომელშიც საქართველო არ არის. 

ბელარუსის სიაში არიან:

  • ევროკავშირის წევრი ქვეყნები
  • ავსტრალია
  • კანადა
  • ლიხტენშტაინი
  • ნორვეგია
  • ახალი ზელანდია
  • ალბანეთი
  • ისლანდია
  • ჩრდილოეთ მაკედონია
  • გაერთიანებული სამეფო
  • აშშ
  • მონტენეგრო
ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის უკრაინის შეჭრას ამართლებს და დამპყრობელი ქვეყნის რიტორიკას იზიარებს, რის გამოც რუსეთის მსგავსად დასავლური ქვეყნების სანქციები ბელარუსსაც უწესდება.

ანალოგიური სია გამოაქვეყნა 3 მარტს რუსეთის ხელისუფლებამაც, რომელშიც საქართველო ასევე არ იყო. კრემლის განმარტებით, რუს ფიზიკურ პირებს და კომპანიებს, კრედიტორებისთვის, რომლებიც „არამეგობრული სახელმწიფოები“ არიან, ვალის დაბრუნება რუსულ რუბლში შეეძლებათ.

ასევე, ამ ქვეყნებში რეგისტრირებულ კომპანიებს რუსეთში ბიზნეს-ოპერაციების საწარმოებლად და ინვესტიციების ჩასადებად რუსეთის მთავრობის სპეციალური კომისიის ნებართვა დასჭირდებათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 14 აგვისტოს, ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა [КГБ] და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის თანამშრომლობის შესახებ სახელმწიფოთაშორისი შეთანხმება შევიდა ძალაში.

ინფორმაციის გაცვლა, ხელშეწყობა ისეთი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიცაა: სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ტერორიზმი და კიბერტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, იარაღის უკანონო ბრუნვა, კორუფცია, საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნება და სხვ. ეს ის ძირითადი პუნქტებია, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს.


JAMnews
Print