პოლიტიკა
ანტონ ობოლაშვილმა ოთარ შამუგიას ადიგენის სოფლებში განსახორციელებელი პროექტები შეახსენა
14 აპრილს, ახალცხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სოფლის მეურნეობის მინისტრს, სარწყავი სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა. ანტონ ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტებით დაინტერესდა.

"როგორც ვიცი, შესაბამისი რესურსი თქვენ უკვე გათვალისწინებული გაქვთ მიმდინარე წლის ბიუჯეტში და სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც მალე დავიწყებთ. რათქმაუნდა ეს გაზრდის მთლიანობაში პროდუქტიულობას და ჩვენი მოსახლეობა ნახავს მეტ სარგებელს. თუმცა, ადიგენის მუნიციპალიტეტში ფხერო-ენთელი-შოლავერის სატუმბი სადგურისა და ასევე, სოფელ უდის სარწყავი არხის რეაბილიტაციის საკითხი კვლავ აქტუალურია. სატუმბი სადგურის მოწყობით ჩვენ მივიღებთ დამატებით 600 ჰექტარი მიწის მორწყვას და რათქმაუნდა ეს კიდევ უფრო წაადგება ჩვენს მოსახლეობას. მე მაინტერესებს თუ რა ეტაპზეა ეს ორი პროექტი და როდის დაიწყება სამუშაოები" - ჰკითხა მინისტრს ანტონ ობოლაშვილმა. 

სოფლის მეურნეობის მინისტრი დეპუტატის მიერ დასმულ კითხვაზე ზოგადი პასუხით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ამ კუთხით, საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. 

"აღსადგენი და გასაკეთებელი ძალიან ბევრია, ვინაიდან წლების განმავლობაში ეს ინფრასტრუქტურა წყობიდან გამოვიდა და მის აღდგენას ძალიან დიდი რესურსები სჭირდება. სწორედ ამიტომ, ჩვენ საბიუჯეტო სახსრებთან ერთად, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ დონორებთან, რომ მოვიზიდოთ რაც შეიძლება მეტი დაფინანსება, რომ სწრაფად შევძლოთ მეტი ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია", - განაცხადა ოთარ შამუგიამ. 

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მაჟორიტარმა დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, მიწის ფლობას უკავშირდება. ანტონ ობოლაშვილის განმარტებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ფერერები მიწის ფლობის კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ, შედეგად ისინი სახელმწიფოს დახმარებით ვერ სარგებლობენ.

"მინდა გკითხოთ, თუ არის იმის საშუალება, რომ რამდენიმე ოჯახი გაერთიანდეს, რათა გაერთიანებით დააკმაყოფილონ მიწის ფლობის კრიტერიუმი და შეძლონ ამ პროექტით გათვალისწინებული სარგებლის ნახვა.

აქვე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი სამინისტროს ფარგლებში არსებულ პროექტებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონი იყოს მაქსიმალურად ჩართული, რადგან მოგეხსენებათ რომ სამცხე-ჯავახეთს აქვს უდიდესი პოტენციალი სოფლის მეურნეობის მხრივ"
- აღნიშნა დეპუტატმა.

ოთარ შამუგიას თქმით, სახელმწიფო პროგრამები ყველა რეგიონისთვის თანაბრად ხელმისაწვდომია და ერთი რეგიონისთვის განსხვავებულ მიდგომას ვერ შეიმუშავებენ.

Print