პოლიტიკა
“ალტ-ინფოს” პარტია 216 000 ლარით დაჯარიმდა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე სასამართლომ პრორუსული პარტია “კონსერვატიული მოძრაობა” 216 000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ნეტგაზეთი ავრცელებს.

კონსერვატიული მოძრაობის წინააღმდეგ აუდიტის სამსახურმა სასამართლოს 2 საქმეზე მიმართა:

“პარტიამ 2021 წლის დეკლარაცია არასწორად წარადგინა აუდიტის სამსახურში, კერძოდ, მათ წარადგინეს განცხადება, იმის შესახებ თითქოს დეკემბრის თვეში ფინანსური ბრუნვა არ ჰქონიათ, თუმცა როგორც გახსოვთ ოფისების დიდი ნაწილი მათ სწორედ დეკემბერში გახსნეს.
შემოწირულებების დამალვა – საუბარია არაფულადი შემოწირულების დამალვაზე. კერძოდ, პარტიამ აუდიტის სამსახურში არ წარადგინა ინფორმაცია არაფულად შემოწირულებაზე, რომელიც ბრენდირებული მასალების დამზადებისა და რეგიონული ოფისების რემონტის სახით მიიღეს. ასევე პარტია რამდენიმე ოფისს ხელშეკრულების გარეშე განკარგავდა (ანუ ჯერ ოფისი გახსნეს, და ხელშეკრულება მოგვიანებით გააფორმეს) ჯამში დამალული არაფულადი შემოწირულება 72 000 ლარზე მეტია”,
– განაცხადეს აუდუტის სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებით პარტიას დამალული თანხის სამმაგი ოდენობით გადახდა ეკისრება.

სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარტიის ლიდერმა, კოკა მორგოშიამაც. მან ტელეკომპანია პირველთან საუბრისას აღნიშნა, რომ პარტია გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდება პარტია ჯარიმას გადაიხდის:

“ზუსტად არ მახსოვს ან 218 ან 220 ათასი ლარია და გამოგვიტანეს სასამართლო გადაწყვეტილება თითქოს არასწორი ხარჯვის თუ რაღაც ასეთის გამო. ყველაფერი ჩანდა. ერთადერთი მანდ თემა ჰქონდათ რემონტთან დაკავშირებით, რომელიც, ზოგმა მეიჯარემაც გაარემონტა და თითქოს რაღაცა… შარი მოგვდეს მოკლედ რომ გითხრათ. ჩვენ შემომწირველები გვყავს და არ გაგვიჭირდება ფუქნციონირება, არც ამ ჯარიმასთან დაკავშირებით გვექნება პრობლემა, თუმცა გავასაჩივრებთ მაინც, მაგრამ თუ ბოლო-ბოლო მაინც მიიღებენ ამის გადახდის ვერდიქტს, ჩვენ დავემორჩილებით კანონს”
, – განაცხადა მორგოშიამ.
Print