პოლიტიკა
ყაზბეგის რაიონი საქართველოს მიერ ოკუპირებულია - ცხინვალი
სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო უწყება კრიტიკული განცხადებით გამოეხმაურა გაეროს ასამბლეაში საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მორიგ ჯერზე [2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ყოველწლიურად] მიღებას.

დე ფაქტო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ “სამინისტრო გმობს და მიუღებლად მიიჩნევს რეზოლუციის მიღებას, რამდენადაც მასში ასახულია ცალმხრივი პოლიტიკურად ანგაჟირებული მიდგომა, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს დევნილებზე ზრუნვასთან” და “ისტორიას ახსოვს ეთნიკური ქართველებიც, რომელთაც მიზანმიმართულად და საკუთარი სურვილით დატოვეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ჯერ კიდევ 90-იან წლებში საომარ მოქმედებებამდე და 2008 წლის აგვისტოს ომამდე”.

ინტერნეტგამოცემა ნეტგაზეთის ინფორმაციით, ,,ამავე დროს 1990 წლიდან საქართველოდან სამხრეთ ოსეთში, საქართველოს მხრიდან ეთნიკური წმენდისა და აგრესიისგან გადარჩენის მიზნით, დაახლოებით 100 ათასი ეთნიკური ოსი გაიქცა და გახდა დევნილი, რომლის ბედიც კოლექტრიურ დასავლეთს დღეს არ ანაღვლებს”.

დე ფაქტო საგარეოს უწყება განცხადებაში ასევე სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის თემას ეხება და აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთი სუვერენული სახელმწიფოა და არა ოკუპირებული.

“საქართველოს კი ფაქტიურად ოკუპირებული აქვს ძირძველი ოსური მიწები – ე.წ. ყაზბეგის რაიონი, სადაც მასობრივად ირღვევა ადამიანის უფლებები. ამ მიწებიდან განდევნილ ოს მოსახლეობას ეკრძალება საკუთარი სახლების, წინაპრების საფლავების მონახულება, რაზეც საქართველოს ხელისუფლება და მისი დასავლელი მეგობრები გაეროში არ საუბრობენ”.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ოსურ მხარეს აქამდეც გაუკეთებია განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ყაზბეგის რაიონის ტერიტორიაზე, მშობლიურ სოფლებში შესვლა უკვე არაერთი წელია რუსეთში მცხოვრები ეთნიკური ოსებისთვის პრობლემურია და ყაზბეგის რაიონის სოფელ კობის ადგილობრივ დღესასწაულზე (“Къобы дзуар”) ჩრდილოეთ ოსეთიდან მიმავალ ადამიანებს არ უშვებენ. ქართულ ოფიციალურ მხარეს ცხინვალის ბრალდებებზე არც აქამდე გაუკეთებია კომენტარი.

და ბოლოს, განცხადებაში ცხინვალი კვლავ აკეთებს აქცენტს იმაზე, რომ გაეროში, სადაც ოსური მხარე წარმომდგენილი არ არის, დევნილების საკითხების განხილვა ობიექტურობას კარგავს და რეგიონში სტაბილურობასა და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას ვერ ეხმარება.
Print