პოლიტიკა
გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ვიმუქრებით კიდეც, რომ „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდით" - პრეზიდენტი
გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტია, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს ერთგვარად კიდევაც ვიმუქრებით, „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ახალი კითხვები გააჩინა.

„გავაჩინეთ ეს კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ გამოვიჩინეთ საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის, უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ. საერთოდ, ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი და ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არ შევიდეთ რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, საუბარია სანქციების მიმართ მიდგომაზე, რადგან თან შევუერთდით სანქციებს და თან არა. ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა. ზურაბიშვილის განმარტებით, ევროკავშირის მიერ მიღებულ სანქციებს უარყოფითად ვაფასებთ და ვამტკიცებთ, რომ ამას შედეგი არ ექნება.

"წარმოგვიდგენია ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს?! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
Print