პოლიტიკა
"ბაღების გაერთიანებიდან" გათავისუფლებულმა იურისტმა სამართლებრივი დავა მოიგო

ახალციხის რაიონულ სასამართლოში „ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან“ გათავისუფლებული იურისტის საქმე დასრულდა. მოსამართლემ მარინე აბულაძის ოთხი მოთხოვნიდან სამი დააკმაყოფილა - გათავისუფლების ბრძანება გააბათილა, დამსაქმებელს სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა.

ამის გარდა, აბულაძე პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას ითხოვდა, რადგან მისი თქმით, სამსახურიდან მისი შვილის „გახარიას“ პარტიაში გაწევრიანების გამო გაათავისუფლეს. ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. მის ინტერესებს სასამართლოში "სამართლიანი არჩევნები" იცავდა.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებას“ შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. უცნობია მოპასუხე მხარის პოზიცია, რადგან გაერთიანების დირექტორმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.თუ საქმე სააპელაციო სასამართლოში აღარ წავა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება, დეპუტატი მარინე აბულაძე აპირებს, რომ საკრებულოს ფრაქცია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის პოსტი დატოვოს და ბაღების გაერთიანებაში მის სამსახურს დაუბრუნდეს, სადაც წლების განმავლობაში უწყვეტად მუშაობდა.

მარინე აბულაძე გათავისუფლების შემდეგ თვითმმართველობის არჩევნებში ჩაერთო და ახლა ახალციხის საკრებულოს წევრია პარტიიდან „გახარია საქართველოსთვის“.

მარინე აბულაძე და მისი და, რომელიც საკრებულოს აპარატის უფროსის პოზიციაზე მუშაობდა, 2021 წლის 25 აგვისტოს გაათავისუფლეს. დები ამბობენ, რომ გათავისუფლების ბრძანებას წინ უძღოდა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან დაბარება, სადაც ბესიკ ამირანაშვილმა ორივეს სამსახურიდან წასვლა მოსთხოვა, რაზეც აბულაძეებმა უარი განაცხადეს. მეორე დღეს ორივემ გათავისუფლების ბრძანება მიიღო.
Print