პოლიტიკა
საქართველოდან 55 კმ-ში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება
სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის ინფორმაციით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან და საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან სულ რაღაც 55 კმ-ში ახალი რუსული სამხედრო ბაზა შენდება.

მისივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები სომხეთის თავუშის ოლქის, ბერდის რაიონის სოფელ აიჰეპართან, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრიდან 1 კილომეტრითაა მოშორებული.

როგორც ალადაშვილი ამბობს, ახალი რუსული სამხედრო ბაზა საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვრიდან პირდაპირი ხაზით მხოლოდ 55 კმ-ით იქნება დაშორებული, მარნეულიდან კი, სადაც საქართველოს თავდაცვის ძალების ძირითადი საჰაერო ბაზაა განთავსებული – 80 კმ-ით.

ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება კი მისი თქმით ისაა, რომ იმ ადგილთან ახლოს, სადაც რუსები ახალ სამხედრო ბაზას აშენებენ, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენი გადის.

„ერთი შეხედვით, როდესაც უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე რუსებს ორი საოკუპაციო სამხედრო ბაზა აქვთ, თითქოს რაღა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს საქართველოს საზღვრიდან 55 კმ-ში და მარნეულიდან 80 კილომეტრში ახალი რუსული სამხედრო ბაზის შექმნას, მით უმეტეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ იქ სადაც ბაზა იქმნება, იქიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში და უფრო ახლოსაც, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სტრატეგიული მნიშვნელობის გაზსადენები გადის“, – აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

მისი ვარაუდით, შანტაჟი ამ სტრატეგიული მნიშვნელობის ნავთობსადენებსა და გაზსადენებზე რუსეთის მხრიდან აბსოლუტურად დასაშვებია.
Print