პოლიტიკა
საბა კბილაშვილი და იმედა მღებრიშვილი ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას შეუერთდნენ
პარლამენტსა და საკრებულოებში “ქართული ოცნების” შემადგენლობიდან გასული დეპუტატები საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ.

როგორც სოზარ სუბარმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათ საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელი წერილიდან და მასზე აშშ-ს ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადაწყვიტეს.

მისივე თქმით, მოძრაობის მიზანი იქნება საჯარო პოლიტიკაში არსებული კითხვებისათვის პასუხის გაცემა, ქვეყნისათვის ომის თავიდან აცილება და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობა.

აქვე სუბარმა აღნიშნა, რომ თუკი საქართველოში ომი მოხდება, ვერანაირ ევროკავშირსა და ნატო-ზე ვერ იქნება ლაპარაკი, რადგან საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენიმე ხნით გაუქმდება.

„გუშინ ბიძინა ივანიშვილმა გამოქვეყნებულ წერილში დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ არსებობდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე. დღეს ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე აღმოფხვრილი არ არის - საფრთხე არსებობს! როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება - ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყოველწლიურად არსებობს საფრთხე, რომ ამ ომში შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ქვეყანას და ხალხს თავიდან ავაცილოთ. ამისთვის საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში და რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, საზოგადოების სამსჯავროზე გადმოვიტანოთ, საზოგადოებას მეტი სიმართლე ვუთხრათ და მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. ის, რაც დახურულია პოლიტიკაში, არის ყველაზე დიდი საფრთხე, რათა მიღებული იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც ქვეყნისთვის სასარგებლო არ იქნება - იქნებ პირიქით, დამანგრეველი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

საზოგადოებრივი მოძრაობას შეუერთდნენ ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე საბა კბილაშვილი და ადიგენის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი.

ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა ბრიფინგი პარლამენტში დღეს, 28 ივლისს გამართეს.

სოზარ სუბარი ბიძინა ივანიშვილისა და კელი დეგნანის შეხვედრის საკითხსაც გამოეხმაურა. ,,ღმერთმა არ ქნას საჭირო გახდეს, თუ გახდება, ყველაფერს ვიტყვით - დეტალებში ვიცით იმ საუბრების შინაარსი, რომელიც სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე იყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

კითხვაზე, ელჩის დონეზე შეხვედრებზე საუბრობს თუ არა, სუბარი აცხადებს, რომ ახლა მეტს არ იტყვის.

,,ასეთ დროს, როცა ჩვენ გვაქვს გარკვეული ინფორმაციები თუ რა ხდებოდა ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან დახურულ შეხვედრებზე, ბუნებრივია, რომ კითხვები გვაქვს. არ გვინდა ამ წუთში ყველაფრის თქმა, ღმერთმა არ ქნას ამის თქმის საჭიროება დადგეს, მაგრამ თუ გახდა საჭირო, სწორედ იმიტომ დავტოვეთ მმართველი გუნდი, რომ ყველაფერს ვიტყვით. დეტალებში ვიცით შინაარსი საუბრების, რომელიც იყო სხვადასხვა სამთავრობო კაბინეტებში მაღალ დონეზე გამართულ შეხვედრებზე,"- განაცხადა სუბარმა.
Print