პოლიტიკა
რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტი სამცხე-ჯავახეთში პროექტების მიმდინარეობით დაინტერესდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა. მათ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილიც. ინფორმაციას რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ლერი ბარნაბიშვილმა შეხვედრის დროს მერებისგან და საკრებულოს თავმჯდომარეებისგან ქალაქებში და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე პირადად მიიღო ინფორმაცია. ბარნაბიშვილის განცხადებით, რეგიონების განვითარება ცენტრალური ხელისუფლების პრიორიტეტია.

„მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებისგან გამოთქმული იქნა ინიციატივა, რომ მიმდინარე პროექტებთან ერთად მათი სახსრებით მოხდება ქალაქების და სოფლების მოწესრიგება, ასევე განვიხილეთ ის საკითხები, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, მე მათ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე და შესაბამის უწყებებთან კოორდინაციაში სრული მხარდაჭერა აღვუთქვი,“-განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა, რომელიც შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც გამართავს.

მხარის ადმინისრტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 479 პროექტის განხორციელება მიმდინარეობს.
Print