პოლიტიკა
დაკეტეთ ლარსი! - აქცია იუსტიციის სახლთან დაიგეგმა
დაკეტეთ ლარსი! - დღეს, 4 საათზე, ამ მოწოდებით მოქალაქეები იუსტიციის სახლთან იკრიბებიან და საპროტესტო აქციას გამართავენ. სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლები დღეს ერთად მოითხოვენ მიგრაციის პოლიტიკის გადახედვას და ლარსის გამშვები პუნქტის დაკეტავს, სადაც ვითარება ბოლო დღეებია უკონტროლოა.

ათასობით რუსი მიგრანტი პუტინის ომისგან გაქცევას სწორედ საქართველოში ცდილობს და ქვეყანაში ხანგრძლივი ვადით აპირებს დარჩენას.

მოქალაქეები ფიქრობენ, რომ რუსი მიგრანტების ნაკადი ქვეყნისთვის პოლიტიკურთან ერთად, სოციალურ და ეკონომიკურ რისკებსაც შეიცავს.

დღევანდელი აქციის მონაწილეები იუსტიციის სახლიდან მსვლელობით, "ქართული ოცნების" ოფისთან გადაინაცვლებენ.

9 სექტემბერს მიღებული გადაწყეტილებით, ევროკავშირმა შეაჩერა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შეთანხმება. რუსეთის მოქალაქეებზე ახლა გაცილებით ნაკლები ვიზა გაიცემა და მათ ვიზის მისაღებად მეტი დრო სჭირდებათ.

ბალტიისპირეთის 3 ქვეყანაში და პოლონეთში კი საერთოდ უარი თქვეს რუსეთიდან ტურისტების მიღებაზე, შენგენის ვიზის არსებობის შემთხვევაშიც კი.

საქართველო ამ დროისთვის, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან მიმართებით, იმავე რეგულაციას ინარჩუნებს, რაც უკრაინაში ომის დაწყებამდე არსებობდა.
Print