პოლიტიკა
არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს! - ზურაბიშვილი
დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღეა. ამ ომის შედეგი როგორც ჩვენს, ისე მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში უკრაინაში ომის წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს განვლილი ომები უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს.

„დღეს 24 თებერვალია და დამთხვევად ვერ ჩაითვლება და ვერ მივიჩნევ, რომ ხვალ, 25 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის დღეა, 23 თებერვალს იუნკრების საგმირო ბრძოლის ხსოვნის დღე, 19 თებერვალი კი, მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე... ეს ნამდვილი სიმბოლური პარალელია, რომელიც არ შეიძლება, არ გავიგოთ როგორც ნიშანი; 1921 წელს მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლა, 1992-1993 წლის გამოუცხადებული ომი რუსულ საჰაერო და საზღვაო ძალების წინააღმდეგ, 2008 წლის ომი უკრაინელების დღევანდელ განსაცდელთან გვაერთიანებს და არა გვაშორებს! მინდა წუთიერი დუმილით ერთად მივაგოთ პატივი დაღუპულ უკრაინელ სამხედროებს და მოქალაქეებს, ბუჩაში, ირპენში თუ მარიუპოლსა და ბახმუტში. მათთან ერთად ჩვენი თანამემამულეები ვინც უკრაინელებთან გვერდიგვერდ იბრძოდნენ და იქ დაიღუპნენ. ისინი ქართულ ღირსებასა და მომავალს იცავდნენ.

მათთან ერთად მინდა გავიხსენოთ ყველა, ვინც საქართველოში თუ უკრაინაში იცავდა ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მაშინ და დღეს ერთიან ევროპულ მომავალს.

არა სადღაც შუაში, არა გაუგებრობაში, არამედ ჩვენ ერთ მხარეს ვდგავართ, უკრაინის მხარეს! სხვა ალტერნატივაც არ არსებობს და ამ ომის შედეგი, როგორც ჩვენს, ასევე, მთლიანად ევროპის მომავალს გადაწყვეტს.

ქართულ ენას ყველაფრის სწორი გამოხატვა შეუძლია, ბრძნული ენაა: გამარჯობას ვიძახით და მშვიდობას და ვიცით, რომ ერთი მეორეს გარეშე ვერ იქნება.

მჯერა უკრაინელი ხალხის გამარჯვების და გამარჯვებული მშვიდობიანი მომავლის! მათი და ჩვენი ერთობლივად! გაუმარჯოს უკრაინას! გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს ჩვენს მეგობრობას და ჩვენს ერთიან მომავალს! Slava Ukraini“
, - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print