პოლიტიკა
ახალციხელ საჯარო მოხელეებს "ქართული ოცნება" ტროლ-ბოტებად იყენებს - მთავარი არხი
"ქართული ოცნების" დირექტივები საჯარო მოხელეებს - "მთავარმა არხმა" მოიპოვა "ვოთსაფის" მიმოწერა, სადაც ჩანს როგორ იყენებს ხელისუფლება საჯარო სამსახურებში დასაქმებულ პირებს პარტიის "მესიჯბოქსის" გასავრცელებლად. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ახალციხის საკრებულოს.

ჯგუფს ია დალალიშვილი წარმართავს, რომელიც თავადაც ახალციხის მერიაში მუშაობს. ის თანამშრომლებს დეტალურ მითითებებს აძლევს "ქართული ოცნების" ლიდერების რომელიც პოსტი გააზიარონ, ვის მიმართ გამოხატონ გაბრაზება, ვის დასცინონ.

გამოიკვეთა, რომ ჯგუფში ცდილობენ "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტის თემურ ჭყონიას "გაშავებას", ხოლო, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებები წევრებმა უნდა მოიწონონ.

"მთავარმა არხმა" დაურეკა დავით ტაბატაძეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა და ჯგუფში საკმაოდ აქტიურობს. მას თბილისში ჩამოსვლა ვთხოვეთ პარტიის სათავო ოფისში. ჟურნალისტი რესპონდენტებს გაეცნო, როგორც მამუკა მდინარაძის თანაშემწე. იგივე მოტივით დავრეკეთ ია დალალიშვილთანაც.

ია დალალიშვილი - მარტო ვარ დღეს სამსახურში, შვებულებაშია თანამშრომელი, აუცილებლად უნდა ვიყო დღეს?

ჟურნალისტი - ახალი მესიჯბოქსია შესათანხმებელი ამ მოვლენებიდან გამომდინარე რაც მხოდა, პირისპირ სურს მას საუბარი.

დალალიშვილი - სად უნდა მოვიდეთ?


ჟურნალისტი - სათავო ოფისში. იქამდე ერთი თხოვნა, ეს ჩათებშიც დაიწერება რამდენიმე წუთში, ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაიდო გუშინ სხვადასხვა გვერდებზე, მათ შორის "ლიდერი 41" ხომ იცით გვერდი?! იქ რომ დავწეროთ ასეთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქართულ პოლიტიკას. [...] შინაარსი ეს რომ იყოს, თუ გინდათ სხვადასხვა სიტყვებით. დაწერთ ხომ?

- დიახ, კი ბატონო. ფოტო არის და ფოტოზე გავაკეთოთ შესაბამისი კომენტარი ხომ?

- კი. და უთხარით საკრებულოშიც, მერიაშიც თქვენ თანამშრომლებს, რომ ეს არის ახალი დავალება.

- კი ბატონო.


დავით ტაბატაძემ ჩვენთან საუბრისას იკითხა ვისთან უნდა ჰქონოდა შეხვედრა "ქართული ოცნების" სათავო ოფისში მესიჯბოქსთან დაკავშირებით, დიტო სამხარაძესთან თუ სხვა ლიდერთან, ის ჩამოსვლას დათანხმდა.

Print