პოლიტიკა
ვის დავალებას ასრულებენ - ღუმაშიანის პასუხი საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს კვლევაზე
„სამუშაოს პირდაპირი კონტრაქტით არასოდეს ვახორციელებდი და რა შუაშია ჩემი ძმისშვილი, მერია ატარებს ტენდერებს, ჩემი ძმისშვილი კი უბრალოდ დეპუტატია, ამასთანავე შემოწირულობა არ გამიცია“, – ამბობს რაზმიკ ღუმაშიანი.

საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემების მიხედვით ბაზაშია ინდივიდუალური რაზმიკ ღუმაშიანი, რომელმაც „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 5000 ლარი შეიტანა. Jnews-ის კითხვაზე, ეს სხვა პირია თუ თავად რაზმიკ ღუმაშიანია - ღუმაშიანი პასუხობს, რომ არ იცის. ,,შემოწირულობები არ გამიკეთებია და შესაძლოა, ფული ჩემი სახელით შეიტანეს, რათა „ჩემ წინააღმდეგ საქმე გახსნან“. ხოლო კითხვაზე, არის თუ არა ბიუროს ვებგვერდზე მითითებული მონაცემები მისი პირადი მონაცემები, მან თქვა, რომ არ იცის და ვალდებული არ არის ჟურნალისტების კითხვებს უპასუხოს.

საქმე ეხება საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს კვლევას, რომლის მიხედვით ჩანს, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტენდერებს  რაზმიკ ღუმაშიანი ხშირად იგებს.  „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას მოუწოდა, შეისწავლონ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვები რაზმიკ ღუმაშიანის მონაწილეობით და დაადგინონ ადგილი ჰქონდა თუ არა კორუფციულ გარიგებებს. თავად რაზმიკ ღუმაშიანი ამტკიცებს, რომ ტენდერები კონკურსის გარეშე არ მოუგია და მერიასთან პირდაპირი ხელშეკრულებები არ გაუფორმებია.

27 ოქტომბერს, ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ (TI) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო შესყიდვების ანალიზის შესახებ კომპანია SJGC-ის ყოფილი დირექტორის, რაზმიკ ღუმაშიანის მონაწილეობით ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ ღუმაშიანი ნინოწმინდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის გარუშ არზუმანიანის დედის ძმაა.

2012-2021 წლებში ის ასევე მუშაობდა კომპანია SJGC-ის დირექტორად, რომელიც დაკავშირებულია ყოფილი მოადგილის ენზელ მკოიანის ოჯახთან (კომპანიის აქციების 40% ეკუთვნის მკოიანებს). მას შემდეგ, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური კომპანიის შესამოწმებლად მივიდა, რაზმიკ ღუმაშიანმა კომპანია დატოვა და 2021 წლის აგვისტოში შემოწირულობის სახით 5000 ლარი შეიტანა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“.

რაზმიკ ღუმაშიანის თქმით, ის TI-ს კვლევას არ იცნობს, მაგრამ ამტკიცებს, რომ ტენდერებს კეთილსინდისიერად იგებს და სამუშაოების განხორციელებისას კი ხშირად ზარალდება. კვლევის მიხედვით, ღუმაშიანმა, 2013-2023 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის შესყიდვიდან 2 840 710 ლარი მიიღო, საიდანაც 1 759 795 ლარი (მიღებული თანხის 61,9%) მიიღო სხვა მონაწილეთა დისკვალიფიკაციის გზით, კონკურსის გარეშე ან პირდაპირი ხელშეკრულებით.

Print