პოლიტიკა
რას ნიშნავს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი
საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. სტატუსი ევროკავშირმა ქვეყანას 14 დეკემბერს მიანიჭა. ეს არის ევროკავშირის მხრიდან ქვეყნის პოლიტიკურად აღიარების უმაღლესი ფორმა, რომლის შემდეგ უკვე მხოლოდ წევრობა მოდის.

ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება ევროპული მომავლის დადასტურებაა და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია ევროინტეგრაციის გზაზე.

ამ სტატუსის გაცემით ევროკავშირი აღიარებს, რომ ქვეყანას ნამდვილად აქვს ევროკავშირში გაწევრიანების ამბიცია და პოტენციალი. გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას ექნება იმის უფლება, რომ ის ევროკავშირს ოფიციალურად შეუერთდეს.

როგორ ეხმარება ფინანსურად EU კანდიდატ ქვეყნებს?


გარდა პოლიტიკური აღიარებისა, კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის ფინანსურ რესურსებთან წვდომასაც იძლევა. ეს სტატუსი საქართველოს გზას უხსნის გაწევრიანების წინა ფინანსურ ინსტრუმენტზე – IPA-ზე, რომლის ბიუჯეტიც 14 მილიარდ ევროს შეადგენს. ამ ინსტრუმენტზეა მიბმული ეკონომიკური და საინვესტიციო პროგრამა, რომელიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან, ანუ EIB-დან, IMF-დან და EBRD-დან 30 მილიარდი ევროს მობილიზებას ითვალისწინებს.

აგრეთვე, კანდიდატ სახელმწიფოებს სამეზობლო განვითარების 19-მილიარდიანი ფონდიდან დაფინანსების მიღების საშუალებაც აქვთ, რაც ქვეყნის განვითარებას და ეკონომიკურ წინსვლას შეიძლება მოხმარდეს.

გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს წვდომა აქვთ ევროკავშირის 11 საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელთაგან საქართველოში მხოლოდ რამდენიმე მოქმედებს, ერთ-ერთია Erasmus+.
რას ევალება კანდიდატის სტატუსით საქართველოს?

ევროკავშირისა და მისი ღირებულებების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციასთან, უცხოურ საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან ბრძოლა;

ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლის გაუმჯობესება;

პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის შემდგომი გადაჭრა, მათ შორის უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო მუშაობით პარლამენტში მყოფი ოპოზიციური პარტიების ჩართულობით, განსაკუთრებით, იმ კანონმდებლობაზე, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკავშირდება;

თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა – განსაკუთრებით 2024 წელს – და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება. საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩეველთა შესაბამისი წარმომადგენლობის უზრუნველყოფა არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე;
საპარლამენტო ზედამხედველობის შემდგომი გაუმჯობესება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. საკვანძო ინსტიტუტების, განსაკუთრებით საარჩევნო ადმინისტრაციის, ეროვნული ბანკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;

ყოვლისმომცველი და ეფექტიანი სასამართლო რეფორმის დასრულება და განხორციელება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულება გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის გზით;

სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობის, ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მეტად უზრუნველყოფა. ამ ორგანოებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინება ინკლუზიურ პროცესით. შედგეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიებების ფართო მონაცემთა ბაზა;

დეოლიგარქიზაციის შესახებ არსებული სამოქმედო გეგმის გაუმჯობესება, რათა დეოლიგარქიზაცია განხორციელდეს მრავალსექტორული, სისტემური მიდგომით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად და გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის შედეგად, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით;

ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ამბიციური სტრატეგიის განხორციელებისა და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით. მოწყვლადი ჯგუფების, მედიაპროფესიონალებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ მუქარის ფაქტებზე მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების დაწყება და ძალადობის ორგანიზატორებისა და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვა, მათი ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებით და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
Print