პოლიტიკა
ევროკავშირის დროშის დაწვის გამო სიმონ ეღიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

კონსერვატიული მოძრაობის ახალციხის ოფისის ხელმძღვანელი, სიმონ ეღიაშვილი, ცენტრალური ბიბლიოთეკის წინ ევროკავშირის დროშის დაწვის გამო, გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ მან "მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა.

კითხვაზე თუ რატომ დაწვა ევროკავშირის დროშა, ეღიაშვილი გვპასუხობს, რომ ამ ფორმით მან ლაშა შარუხიას მხარდასაჭერად გამოუცხადა. მისივე თქმით, არავითარი კანონდარღვევა არ ჩაუდენია, შესაბამისად მზადაა გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს.

"დღეს ვარ დაბარებული გამოკითხვაზე და ვაპირებ მისვლას. სამართლებრივად არანაირი კანონდარღვევა არ ჩამიდენია. რაც ვიდეოში ვთქვი ეს არის მთავარი. სოლიდარობა გამოვუცხადე ადამიანს, რომელმაც დროშა დაწვა და დააკავეს.

ჩემი აზრით, ევროკავშირის დაპირებები და კანდიდატის სტატუსი არის ხალხის დაცინვა და ტყუილი. მე არ მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას შეიყვანენ ევროკავშირში.

ევროკავშირი ჩემთვის არ ასოცირდება მეტ ფულთან და კარგ ცხოვრებასთან. ევროკავშირი ჩემთვის ასოცირდება მეტ მიგრანტთან, რომელიც გულისხმობს ქართველი ხალხის უმცირესობაში გადასვლას და მეტ გარყვნილებას.

თუ ქრისტიანული ტრადიციებით, წინაპრების წესების დაცვით და ქართული ღირებულებებით მიგვიღებენ და პატივს სცემენ ჩვენს ტრადიციებს ეგეთი ევროკავშირი მინდა, თუმცა ეს ყველაფერი ნაკლებად წარმოსადგენია. როგორიც დღესაა, ასეთი ევროკავშირი ნამდვილად არ მინდა."
- განაცხადა ეღიაშვილმა ჩვენთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება კონსერვატიული მოძრაობის წევრების და სასულიერო პირების ვიდეოები, რომლებიც ევროკავშირის დროშებს ლაშა შარუხიას მხარდასაჭერად წვავენ.

ლაშა შარუხიას, 16 დეკემბერს მცხეთის მერიის შენობიდან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის და დაწვის გამო ბრალი წარუდგინეს. მას მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Print