პოლიტიკა
ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! – მათიკაშვილის მუქარა ოპოზიციას
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დეპუტატი დავით მათიკაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს ემუქრება. 

,,ყველა რადიკალი გაფრთხილდეს. როგორც ეტყობათ, რადიკალები სიტუაციის გამწვავებას და სიტუაციის არევას აპირებენ. ელისაშვილის საქციელი იყოს გაფრთხილება და მაგალითი ყველასთვის: ერთ მუშტს მოიქნევთ? ათი მოგხვდებათ! ეს კარგად გაითვალისწინეთ და გაიგეთ”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა პლენარულ სხდომაზე.

კოლეგებმა ოპოზიციიდან შეახსენეს, რომ მსგავსი ქცევები პარლამენტში უნახავთ, თუმცა, მათიკაშვილმა მათ არ მოუსმინა და აღნიშნა, რომ ასეთი ქცევები “ქართულ ოცნებას” კურსს ვერ შეაცვლევინებს.

15 აპრილს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მომხსენებელს, მამუკა მდინარაძეს დაარტყა.

„შენი რუსი…“ — ისმის კადრში ალეკო ელისაშვილის ხმა, რის შემდეგაც მის გარშემო სხვა დეპუტატები იწყებენ ჩხუბს. ამ დროს გაითიშა პირდაპირი ეთერი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან.

საპასუხოდ, “ქართული ოცნების” დეპუტატები ელისაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ვიდეოში ჩანს, მდინარაძისთვის მუშტის დარტყმის შემდეგ როგორ ურტყამს რამდენიმე ადამიანი ელისაშვილს, მათ შორის - ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნოდარ ტურძელაძე და ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში, შოთა ხაბარელი.

კომიტეტიდან პარლამენტის ეზოში გამოსულ ელისაშვილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ტაშით შეხვდნენ.

„რაც უნდა ის ქნან, თუ შემიშვებენ, კიდევ შევალ და ვიჩხუბებ. გინდა დამიჭირონ, გინდა სული ამომხადონ... აგერ ვარ, არსად არ გავრბივარ...“, - დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა მასზე თავდასხმის შესახებაც ილაპარაკა: „გავილახე, მაგრამ საქართველოსთვის გავილახო...“ ის აცხადებს, რომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ ბრძოლას გააგრძელებს.

კომიტეტის სხდომის დატოვების შემდეგ აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღებით, ხელისუფლება “რუსეთში მიგვაქანებს გაქანებით”.

მოგვიანებით, ელისაშვილი შეუერთდა რუსული კანონის საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ, სადაც განაცხადა, რომ კომიტეტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას სახლთან ახალგაზრდების ჯგუფი მიუვარდა. ელისაშვილმა “ქართული ოცნება” ტრიბუნიდან გააფრთხილა, რომ მისი ოჯახს “თმის ერთი ბეწვი არ ჩამოუვარდეს, თორემ მერე გაჩვენებთ მე სეირს”.
Print