პოლიტიკა
ოფშორებიდან საქართველოში ქონების გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს
ოფშორებიდან, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოებიდან საქართველოში ქონების/ბიზნესის გადმოტანა შესაძლოა, გადასახადებისგან გათავისუფლდეს. აღნიშნულს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც პარლამენტში დეპუტატების ჯგუფმა დაარეგისტრირა.

საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:

ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი, რომელიც ამ კოდექსის მიზნისთვის განიხილება საქართველოს წყაროდან მიღებულ შემოსავლად, გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;

აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან. ამ ქვეპუნქტის გამოყენების წესს და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი.

საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე“, - აღნიშნულია ცვლილების პროექტში.

ამავე წინადადების მიხედვით, აღნიშნული ნაწილი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი);

მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია ამ ნაწილის ამოქმედების დღისთვის.

ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აქტივის მიმღები მხარისთვის აქტივის ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისთვის მისი ღირებულება ამ აქტივის გადაცემისმომენტისთვის“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცვლილებების ავტორების აზრით, კანონპროექტის მიზანია, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესის წახალისება, ამ ოპერაციებზე დროებითი საგადასახადო შეღავათების დადგენის გზით.

პარლამენტის წევრი, „ევროოპტიმისტების“ დამფუძნებელი რომან გოცირიძე"ფესიბუკ" პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ამ წუთას, მოულოდნელად, ქართულმა ოცნებამ შემოიტანა კანონპროექტი, რომლის მიხედვით ბიძინა ივანიშვილს ეძლევა უფლება დაუბეგრავად და შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი ნორმების გვერდის ავლით შემოიტანოს საქართველოში ოფშორებში გადამალული თავისი ქონება, წილები, აქციები. კანონი ეხება მხოლოდ მას, რადგან ერთი ფიზიკური პირი უნდა ფლობდებს ოფშორული აქტივების 100 პროცენტს.

ახლა ნათელი მოეფინა, თუ რატომ აყიდინა ეროვნულ ბანკს ნახევარი მილიარდი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო და რატომ ჩამოაქვთ საქართველოში დასასაწყობლებლად.

ელოდა სანქციებს!

გასაქცევი ადგილიც კი არა აქვს, აქ აპირებს ქვეყნის პირად ციხე-სიმაგრედ ქცევას.

ვერ დაეპატრონება ქვეყანას. არ იცნობს ქართველ ხალხს"
,- წერს გოცირიძე.

კანონპროექტის ინიციატორები არიან ანტონ ობოლაშვილი, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა და კიდევ სამი დეპუტატი. პარლამენტში დაჩქარებული წესით აპირებენ კანონპროექტის მიღებას.
Print