პოლიტიკა
ოპოზიციურმა პარტიებმა საჯარო დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, 18 ოქტომბერს, არჩევნებში მონაწილე, პოლიტიკური პარტიების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში მონაწილე პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩევნო პროგრამის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებები წარმოადგინეს.

შეხვედრას მოქალაქეები, საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციები ესწრებოდნენ. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კითხვა-პასუხის რეჟიმში დაესვათ კითხვები პოლიტიკოსებისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაში მონაწილე პარტიებისა და მათი პარტიის ხედვები ერთნაირია, ამიტომ კოალიციურად დაკომპლექტებული მთავრობის პირობებში კარგად ითანამშრომლებენ.

პარტიების განცხადებით, საჭიროა როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური უმცირესობებისთვის თანასწორი გარემოს შექმნა, მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში მეტი ჩართულობა და მოქალაქეობის არ მქონე პირებისთვის მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღებით.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. დისკუსიაში მონაწილეობდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“, „გახარია საქართველოსთვის“, „ჩვენ“-ის, კოალიცია „ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა.

პარტიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს კოალიციური მმართველობის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებსა და გადაჭრის გზებზე, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული მიწების მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობაზე, ევროინტეგრაციის პროცესისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმასა და დეცენტრალიზაციის საკითხების შესახებ. გარდა ამისა, ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, რომ საჭიროა სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტის გაუქმება.

Print