ქართული ოცნება დღეს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს
დღეს „ქართული ოცნების“ რიგით მეცხრე ყრილობა გაიმართება. ყრილობაზე მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარის ვინაობა გახდება ცნობილი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიის და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისი განცხადება ღარიბაშვილმა 25 აპრილს გააკეთა.
დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებშია განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცებაც.
პარტიის წესდების შესაბამისად, პოლიტსაბჭოზე შეთანხმებულ თავმჯდომარეობის ახალ კანდიდატს, „ართული ოცნების“ დელეგატებს საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს.
როგორც სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, ახალი თავმჯდომარე, მისი პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობია.
მათივე ცნობით, ყრილობაზე დაიგეგმება შემდგომი ნაბიჯებიც, რაც თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებს ეხება.
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელზეც პარტიის ახალი თავმჯდომარე და პოლიტსაბჭოს წევრები უნდა აირჩიონ, ონლაინ მედიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ „ნეტგაზეთი“ წერს.