სიახლეები
გოგოლაური–კოპაძის საქმეზე, სააპელაციო სასამართლოში სხდომა ჩაინიშნა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გიორგი კოპაძის სარჩელის განხილვა, 7 თებერვალს ჩაინიშნა. სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ლევან გვარამია, საქმეს ზეპირი მოსმენით განიხილავს. მოსამართლის თანაშემწე ამბროს ლობჟანიძე ,,მე–9 არხთან” განმარტავს, რომ მხარეები პროცესს, სურვილის შემთხვევაში დაესწრებიან.

საქმის განხილვა სარჩელის შეტანიდან მაქსიმუმ, სამ თვეში უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესი მხოლოდ 9 თვის შემდეგ ჩაინიშნა. აღნიშნული სააპელაციო სასამართლოში, საქმეების სიმრავლით ახსნეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი კოპაძემ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის გადაწყვეტილება ოთხ მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ქალაქის ყოფილი მერი მოსამართლე გია ბერაიას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა, რომლის მიხედვითაც, მას „მეცხრე არხის“ ეთერში გაჟღერებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფა დაევალა.

აღნიშნულ საქმეზე სამოქალაქო დავა ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ჯიმშერ გოგოლაურმა დაიწყო.

მხარეების დაპირისპირება 2015 წლის 10 დეკემბერს „მე–9 არხის “ გადაცემა „დიალოგის“ პირდაპირ ეთერში, ახალციხის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას მოჰყვა. გოგოლაურის თქმით, კოპაძემ გადაცემაში მას ბრალი დასდო, რომ ძალოვან უწყებაში მუშაობის პერიოდში პატიმრებს აწამებდა და მათგან სასურველი ჩვენების მიღებას ძალისმიერი მეთოდებით ცდილობდა.
Print