პოლიტიკა
მერიის თანამშრომლის კომპანია ტენდერებს საეჭვო ვითარებაში იგებს
ახალციხეში, გურამიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე, ორი მინი სტადიონის მშენებლობა იწყება. 128 800 ლარად ღირებულ სამუშაოებს, შპს ,,მშენებელი–2004“ შეასრულებს. ტენდერში მონაწილე შვიდი კომპანიიდან, ოთხმა აღნიშნულზე ბევრად ნაკლები თანხა შესთავაზა, თუმცა ოთხივემ, ტექნიკური დოკუმენტაციის გამო, დისკვალიფიკაცია მიიღო.

შპს ,,აიტინეო“ ერთადერთია, რომელმაც სატენდერო კომისიის მიერ მოთხოვნილი ყველა საბუთი წარადგინა, მაგრამ კომპანიას სტადიონების მშენებლობის გამოცდილება დაუწუნეს.

გამარჯვებული შპს ,,მშენებელი–2004“ 20%–იანი წილის მფლობელი, მერიის ურბანული მოწყობისა და საქალაქო მეურნეობის სამსახურის უფროსია. გელვასი გელაძე სატენდერო კომისიის წევრიცაა. კომპანიიდან მიღებული შემოსავალი მის 2014– 2015 წლების ქონებრივ დეკლარაციაშია ასახული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მერიაში თანამდებობის დაკავებამდე, იგი ,,მშენებელი–2004“–ის დირექტორიც იყო.

კიდევ ერთი პროექტი, რომლის გარშემოც კითხვები სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელებს გაუჩნდათ, თამარაშვილის ქუჩის #2–ში საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოებია. დაკვეთა შპს ,,მშენებელი–2004“–მა შეასრულა. ახალციხის მერმა, თანხა სარეზერვო ფონდიდან გამოყო და თითქმის 70 000 ლარზე გამარტივებული შესყიდვა, თანამშრომლის წილობრივად კუთვნილ კომპანიასთან გააფორმა. გადაწყვეტილება გადაუდებელი აუცილებლობით ახსნა.

ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს კომპანიის მეწილე. გელვასი გელაძე პირად საუბარში აღნიშნავს, რომ მის თანამდებობასა და მერის მიერ, კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭებას შორის კავშირი არ არსებობს.

გამარტივებულ შესყიდვას ეჭვქვეშ აყენებს ირაკლი ბარძიმაძე. ადვოკატი ამბობს, რომ მსგავსი სამუშაოების შესრულება, სხვა კომპანიებმა ბევრად ნაკლებ ფასში შეძლეს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განგვიმარტეს, რომ ახალციხის მერს, ,,მშენებელი–2004“თან ხელშეკრულების გაფორმებას კანონი არ უკრძალავდა, თუმცა ნინო ცუხიშვილის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელმა პირმა ეს გადაწყვეტილება მეტი არგუმენტით უნდა დაასაბუთოს.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც შპს–მ სხვა კომპანიის დისკვალიფიკაციის გამო მოიგო, აბის რიტუალების სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანიას, ქალაქ ახალციხის მიერ გამოცხადებულ 10 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული. აქედან ორში ერთადერთი პრეტენდენტი იყო და შესაბამისად, გამარჯვებული გახდა. ოთხი ტენდერი ,,მშენებელი–2004“მა წააგო.

შპს ,,მშენებელი–2004“ მონაწილეობას მხოლოდ სამცხე–ჯავახეთში გამოცხადებულ ინფრასტრუქტურულ ტენდერებში იღებს.


Print