პოლიტიკა
სამცხე-ჯავახეთში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 27 აპრილს სამცხე-ჯავახეთს ეწვევა. მარგველაშვილს შეხვედრები ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში აქვს დაგეგმილი, კამპანიის ,,კონსტიტუცია ყველასია", და "მოითხოვე ქართულის" ფარგლებში.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ვარძიას ეწვევა და 2016 წლის 1-ელ ნოემბერს ხანძრის შედეგად დაზიანებულ ვარძიის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარ ტაძარს დაათვალიერებს.

მთავარი ტაძრის კედლის მოხატულობის კვლევა, კედლის ფრესკების ზედაპირული წმენდა ჭვარტლისაგან პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე, მოხდა ფერწერული ფენის ხანძრის შემდეგ პირველადი გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების ფარგლებში კედლის მხატვრობის გაწმენდილი ადგილების მონიტორინგი და შეფასება; შემუშავდა სარკმელების, განათებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის საინსტალაციოდ აუცილებელი რეკომენდაციები.

კამპანიის "მოითხოვე ქართული" ფარგლებში კი, პრეზიდენტი ფოკას ეწვევა, დედათა მონასტერში შექმნილ ნაწარმს დაათვალიერებს, სოფელ წნისში კი, მეცხოველეობის ფერმას მოინახულებს.

საპრეზიდენტო კამპანიით "მოითხოვე ქართული", რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის გზით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

28 აპრილს გიორგი მარგველაშვილი ახალციხის უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში "კონსტიტუცია ყველასია" კამპანიების ფარგლებში სტუდენტებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან გამართავს შეხვედრას და საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ირგვლივ დებატებს გამართავს.
Print