პოლიტიკა
პრეზიდენტს ახალციხეში ხელისუფლების წარმომადგენლები არ შეხვდნენ
ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების არცერთი წარმომადგენელი მივიდა. გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის წევრები დახვდნენ, რომელთა შორისაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არ იყვნენ.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსარდალს რეგიონისა და მუნიციპალიტეტების პირველი პირები უნდა დასწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, იზიარებდნენ თუ არა მათ პოზიციას.

"როცა პრეზიდენტი ჩამოდის სტუმრად ქალაქში, ვთვლი რომ ქალაქის მერი და სხვა პირველი პირები უნდა ხვდებოდნენ, თუნდაც როგორც სტუმარს. მე რომ ვყოფილიყავი მერი მოვიდოდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაცას არ მოწონებოდა" – აცხადებს ახალციხის საკრებულოს წევრი შალვა გოგოლაძე.

სამცხე–ჯავახეთის რწმუნებულის აპარატში აცხადებენ, რომ მათ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიწვევა არ მიუღიათ და თვლიან, რომ ამ შემთხვევაში, გუბერნიის წარმომადგენლები დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს არ უნდა დაეპატიჟა.

ამავე მიზეზით არ დაესწრნენ ქალაქის პირველი პირები. გარდა ამისა, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განმარტავენ, რომ ვლადიმერ ზედგინიძე დღეს ათამდე შეხვედრას მასპინძლობს, რომელიც ერთი კვირით ადრე დაიგეგმა.

"ამ წუთებშიც მერმა ერთი შეხვედრა დაასრულა და უკვე მეორე შეხვედრაზეა" – აცხადებს ნინო ბლუაშვილი.

ახალციხის გამგეობაში განმარტავენ, რომ ეს იყო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები
არავის მიუწვევია.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აცხადებენ, რომ შეხვედრა მათი ორგანიზებული იყო და აქედან გამომდინარე, სტუმრების დაპატიჟებაც მათ მიერ მოხდა. ცენტრის ინფორმაციით, მიწვევა მიიღეს, როგორც რეგიონის, ასევე ახალციხის მერიისა და გამგეობის პირველმა პირებმაც.
Print