რელიგია
მართლმადიდებელ ეკლესიაში ვნების შვიდეული დაიწყო
დიდი მარხვის 40 დღის გასვლის შემდეგ იწყება ვნების კვირა. ვნების შვიდეულს მაცხოვრის ჯვარცმა, დაფვლა და აღდგომა მოჰყვა.

ვნების შვიდეულის მარხვა განსაკუთრებით მძიმეა. შაბათ დღეს, განსხვავებით წლის დანარჩენი შაბათებისა, აუცილებელია მკაცრი მარხვის შენახვა.

პარასკევს და შაბათს. მკაცრი მარხვაა, ვისაც ჯანმრთელობა ხელს უწყობს, აღნიშნულ დღეებში პურითა და მარილით, ხილითა და წყლით მარხულობს. საეკლესიო საკითხავებში მითითებულია, რომ პარასკევ დღეს მონასტერში ტრაპეზი არ დაეგება.

ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე იკითხება იგავი ათ ქალწულსა და ტალანტებზე და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მოწმუნეებს სულიერი სიფხიზლისაკენ.

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქნოდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.

დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს სრულდება. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

დიდი ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ეკლესია იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას იხსენებს. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფვლით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

"თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებააა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

დიდი პარასკევი


დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეა. დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისაგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუაღამისას, ორ საათზე აღევნილება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მაცხოვარია ამოქარგული.

საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც, აღევლინოს. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევს.

დიდი შაბათი

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
| Print |