რელიგია
ღმერთზე მინდობილი სამართალი

სამცხე-ჯავახეთში, სომხური სამოციქულო და კათოლიკური ეკლესიის მრევლი და მუსლიმი თემი, რელიგიური ნივთების დაზიანების ფაქტებზე გამოძიებას წლებია ელის. უფლებადამცველელბი კი ამბობენ, რომ თაროზე შემოდებული საქმეები, მოსახლეობაში დაუსჯელობის განცდას იწვევს.

 

45 დღეა სამართალდამცველები იმ პირს ეძებენ, რომელმაც ახალქალაქის სოფელ ხულგუმოსთან, სამლოცველოში რელიგიური ნივთები - ხატები და ქანდაკებები დააზიანა. შსს-ში ამბობენ, რომ ამ პერიოდში, გამოძიების ფარგლებში დაიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. ამის მიუხედავად, პოლიციას დანაშაულში მხილებული პირი არ ჰყავს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

„ეს ტაძარი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ მოვდივართ სალოცავად, ვპატრონობთ. სახურავიდან წვეთავდა და შევაკეთეთ. არ მგონია, რომ ეს ქრისტიანს გაეკეთებინა - არც ქართველი იზამდა ამას და არც სომეხი“, - გვეუბნება სოფლის მკვიდრი რომიკ მანველიანი, რომელიც დაზიანებული ხატების სანახავად, სალოცავში იმ დღესვე ავიდა.

შსს-ს ახალქალაქის პოლიციის სამმართველომ მომხდარზე გამოძიება იმ დღესვე, ოთხ აპრილს, სსკ-ის 259 სეკუნდა მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაცილებით დიდი ხანია მსგავსი ქმედების „ავტორის“ მხილებას ელის კათოლიკური ეკლესიის მრევლი და სასულიერო პირები. ვალეში, სამლოცველოს მიმდებარედ რელიგიური ნივთების დაწვის ფაქტზე, წელიწადი და ორი თვეა გამოძიება მიმიდინარეობს. უწყება ამ შემთხვევაშიც ამბობს, რომ მოკვლევა ჯერ კიდევ გრძელდება.

„გამოძიება არ შეწყვეტილა. გამოკითხულია ათეულობით მოწმე, ჩატარებულია ყველა ექსპერტიზა და პროკურატურის მიერ მისაღებია შემაჯამებელი გადაწყვეტილება“.

წმ. ნინოს სახელობის კათოლიკური სამლოცველოს მიმდებარედ, ხატები და ლოცვის წიგნები 2018 წლის 12 მარტს დაწვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის, ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.

„ეს არ იყო შემთხვევითობა, ეს იყო გამოტანილი და დამწვარი. ამიტომ აქედან ეჭვი გაჩნდა, რომ იყო სპეციალურად გაკეთებული. შესაძლოა, ვიღაცას უყვარს პროვოკაცია“, - ეჭვობს ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.

მიხეილ სურმავა ერთ-ერთი პირველია, ვინც ამ საქმეზე დაკითხეს. ის ამბობს, რომ საქმის მსვლელობით და გამოძიების შედეგით რამდენჯერმე დაინტერესდა.

„მომხდარიდან ექვსი თვის შემდეგ ვიკითხე და მითხრეს, რომ რაღაც ცვლილებები მოხდა, მერე კიდევ ვიკითხე და ამბობენ, რომ მიდის გამოძიება. ხან გამომძიებელი შეიცვალა, ხან პროკურორი. პასუხი აქამდე არ არის. ამ ფაქტით მხოლოდ ადგილობრივი მედია ინტერესდებით“, - განაცხადა „მეცხრე არხთან“ მიხეილ სურმავამ.

სასულიერო პირი ამ ორ შემთხვევას შორის საერთო ნიშნებს ხედავს. ფიქრობს, რომ რელიგიურ ნივთებს პროვოკაციულად, დღესასწაულის წინა დღეებში აზიანებენ.

„ძალიან უცნაურია, რომ სააღდგომოდ სამლოცველო დაარბიეს, ჩვენთანაც აღდგომამდე მოხდა ეს ამბავი. მგონი კავშირია, შესაძლოა რაღაც ჯგუფია, რომელსაც არ უყვარს ქრისტიანობა“.

იმ შემთხვევაში, თუ პოლიცია ვალის სამლოცველოსთან ხატების დაწვაში ვინმეს ამხელს, ის დაისჯება ჯარიმით, ერთ წლამდე გამასწორებელი სამუშაოთი ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

პოლიცია ამ დრომდე ცდილობს გაარკვიოს მტყუან-მართალი, ჭელას მინარეთის დემონტაჟის შემდეგ მომხდარ დაპირისპირებაში. 2013 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიება დღემდე გრძელდება. მომხდარიდან მალევე დაიკითხნენ ადგილობრივები და მუსლიმი სასულიერო პირები. რა ეტაპზეა საქმის მსვლელობა - შსს-ში გვიპასუხეს, რომ ეს ინფორმაცია ოფიციალურად უნდა გამოვითხოვოთ. მუსლიმ თემს გამოძიების დასრულების იმედი არ აქვს. ჭელას მეჩეთის წინამძღვარი ჯამბულ აბულაძე ამბობს, რომ გამოძიების დაწყებაც ფორმალობა იყო.

„თავის თავს ხომ ვერ დაისჯიან?  ისევ ჩვენ დაგვაჯარიმეს უნებართვო მშენებლობის წარმოებისთვის და ის უდანაშაულო პირები, აქციების დროს რომ სცემეს. ამ საქციელით უნდოდათ სამაგალითოდ დაესაჯათ ადგილობრივი მუსლიმები, რომ სხვა დროს ვეღარავის გაებედა ასეთი რამე“.

არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ ამბობენ, რომ შსს-ს მსგავსი ფაქტების დროულად გამოძიებისას, ორმაგი პასუხისმგებლობა აკისრია. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის ხელმძღვანელი მარინე კაპანაძე ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყებაში ამის პოლიტიკური ნება არ არსებობს ან ვერ ხედავენ დამნაშავეების დასჯის საჭიროებას.

„ეს არ არის სწორი მიდგომა სახელმწიფო უწყებების მხრიდან. როდესაც საქმე ეხება ისეთ სენსიტიურ საკითხს, როგორიცაა მსგავი თემები, აქ ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ გამოიჩინოს მეტი ძალისხმევა, რადგან ამ კუთხით საზოგადოებაში ჯერ კიდევ არ არის ტოლერანტული დამოკიდებულება“.

| Print |