რელიგია
28 მაისს, დავით გარეჯში საპროტესტო აქცია იმართება
გარეჯელი სასულიერო პირების განცხადებით, სამშაბათს, 28 მაისს, გარეჯში სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით "გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია" იგეგმება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია ქართული, აზერბაიჯნული და სომხური დროშების თანხლებით ჩატარდება.

„ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას, რომ არავის მიეცემა პროვოცირების საშუალება, ჩვენი დიდი სახლი არიოს და რეგიონს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს. გვჯერა, რომ ამ დღეს გარეჯში ჩვენს გვერდით იქნებიან საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელები და მიწიდან, რომელიც ქართველებისთვის წმინდა და შეუფასებელია, ეტყვიან ისტორიულ სამშობლოს აზერბაიჯანს და მსოფლიოს, რომ ძმობას და მეგობრობას საზღვრები არ აქვს და ვერც გაუგებარმა, სავარაუდოდ, დაინტერესებული ძალების მართულმა პოლიტიკამ ვერ უნდა გადაფაროს“, - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ უდაბნოს მონასტერში გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია 25 აპრილს გავრცელდა. როგორც დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა განაცხადა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ტერიტორიაზე უკვე აღარც სასულიერო პირებს უშვებდნენ.

დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტრის ტერიტორიის გასაკონტროლებლად აზერბაიჯანელი მესაზღვრეებმა 6 მაისის შემდეგ ისევ გააქტიურდნენ. პირველი კვირის განმავლობაში სასულიერო პირების ინფორმაციით, მესაზღვრეები, რომლებიც აღდგომის ტაძრის მისასვლელთან იდგნენ, ტაძრისკენ მიმავალ ტურისტებსა და მომლოცველებს აჩერებდნენ და უკან აბრუნებდნენ. ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში მღვდელ-მონაზონმა კირიონმა განაცხადა, რომ 6 მაისის შემდეგ ტურისტებს უდაბნოს მონასტერში აღარ უშვებენ.

საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქომ, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

5 მაისს, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარი გადის, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბნენ. მათ სიმბოლურად დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის იმ მონაკვეთს, რომელზეც აზერბაიჯანული მხარე პრეტენზიას გამოთქვამს, ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.

დავით გარეჯისთვის ბრძოლა გრძელდება.
| Print |