რელიგია
უდეში ანთიმოზ ივერიელის ხსენებას დღეს აღნიშნავენ
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია დღეს, 26 ივნისს წმინდა ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის ეპარქიაში, დღესასწაული მასშტაბურად სოფელ უდეში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში აღინიშნება, სადაც საზეიმო წირვა აღევლინება.

გარდა საღმრთო ლიტურგიისა, დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელ უდის ცენტრში ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი, სპორტული ღონისძიებები და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ანთიმოზ ივერიელის ხსენების დღე, სოფელ უდეში "წმიდა ანთიმოზ ივერიელის რუმინეთ-საქართველოს მეგობრობის საზოგადოების" ინიციატივით, უკვე მეთოთხმეტე წელია აღინიშნება. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული გადმოცემის თანახმად, იგი სოფელ უდიდან იყო და თურქთა ერთ–ერთი შემოსევის დროს საქართველოდან გაიტაცეს.

ინფორმაცია, რომ ანთიმოზ ივერიელი უდის მკვიდრი იყო, ისტორიულ წყაროებში არ დასტურდება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი წარმოშობით მესხეთიდან იყო და მისი გატაცებაც სწორედ აქედან მოხდა.

საქართველოდან გატაცებული და კონსტანტინეპოლს მონად გაყიდული ანთიმოზი ვლახეთში მოხვდა, რომელიც მისთვის მეორე სამშობლოდ იქცა. იქ ანთიმოზ ივერიელმა მრავალმხრივი მოღვაწეობა დაიწყო. მისი ღვაწლი დიდია ქართული სტამბის დაარსებაშიც.

იგი როგორც პოლიტიკური მოღვაწე რუმინეთის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა, ხალხს ოსმალეთის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდა, რადიკალურმა კურსმა მთავართან დააპირისპირა რასაც წმინდანისთვის სასულიერო ღირსების აყრა მოჰყვა.

სინას მთისკენ მიმავალი თურქმა ჯარისკაცებმა გზაში მოკლეს და მისი წმინდა ნაწილები მდინარეში გადაყარეს.

1992 წელს რუმინეთის ეკლესიამ ანთიმოზ ივერიელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 27 სექტემბერი, წმინდანის გარდაცვალების დღე დააწესა.

ქართული ეკლესია კი მის ხსენებას 26 ივნისს აღნიშნავს.
| Print |