რელიგია
ახალციხელობის აღნიშვნა წირვით დაიწყო
ახალციხეში, 30 ივნისს წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღესა და ქალაქის დღესასწაულს ზეიმობენ.

თარიღის აღნიშვნა რაბათში, წმ. მარინეს სახელობის ტაძარში საზეიმო წირვით დაიწყო. ლიტურგიას სამი მიტროპოლიტი ატარებს - ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ჰერეთისა და ხორნაბუჯის მთავარეპისკოპოსი დიმიტრი.

წირვას ესწრება ეპარქიის სასულიერო პირები და მრევლი.

სახელმწიფო მოხელე და გამორჩეული მეომარი შალვა ახალციხელი,მე-12-მე-13 საუკუნეებში მოღვაწეობდა. უანგარო მსახურებისათვის წმიდა შალვას, მეფე თამარმა მანდატურთუხუცესობა უბოძა. მეფის ბრძანებით, ბასიანის ბრძოლაში ქართველთა ძლევამოსილ მხედრობას მანდატურთუხუცესი შალვა ძმასთან, ივანე ახალციხელთან ერთად წინამძღოლობდა.

ერთგულების, სიმამაცისა და ვაჟკაცობისათვის თამარ მეფემ იგი ახალციხის მთავრად დანიშნა.

არაერთი წარმატებული ბრძოლის შემდეგ, შალვა ახალციხელისთვის საბედისწერო გარნისის ბრძოლა აღმოჩნდა.

უთანასწორო ომში იგი ტყვედ ჩავარდა, სჯულის შეცვლაზე უარი თქვა, რის გამოც, ჯალალ–ედ–დინმა სიკვდილით დასაჯა.

სწორედ ამიტომ, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, იგი წმინდანად შერაცხა.

ახალციხეში, 9 აპრილისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაზე, წმინდანის სახელობის ტაძარი შენდება.

| Print |