რელიგია
იოანე ნათლისმცემლის შობის დღე ვანის ქვაბებში
მართლმადიდებლური სამყარო, 7 ივლისს, წმინდა იოანე წინამორბედის შობის დღეს ზეიმობს.

წმინდა იოანე არის კაცთა შორის უპირატესი წმინდანი, მისი მოღვაწეობის დაწყების პირველი სიტყვები იყო: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა", მთელი თავისი ცხოვრება მხოლოდ სინანულს ქადაგებდა, იგი ამზადებდა ადამიანებს ღმერთთან შესახვედრად. თვით მაცხოვარი ამბობს რომ ჯერ არ შობილა კაცთა შორის მასზე აღმატებული და თავდაბალი ადამიანი.

რჩეული ბრძანდებოდა ნათლისმცემელი და წინამორბედი ქრისტესი იოანე. მას უდაბნოს გვრიტს უწოდებენ. მის სადიდებლად დაწერილ საგალობელში ნათქვამია: „გვრიტო უდაბნოსაო, ანგელოზო მიწისაო, კაცო ზეცისაო“. ამიტომაც იგი ერთადერთია წმინდათა შორის, რომელიც ფრთებით იხატება. დიდმა სულიერობამ და სიწმინდემ იოანე ისე აღამაღლა, რომ ანგელოზებს დაემსგავსა - ანგელოზთა სწორად იქცა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ვანის ქვაბებში აღავლენს.



გამოქვაბულების კომპლექსი ვანის ქვაბები ქართული ქრისტიანული არქიტექტურის გამორჩეული ძეგლია. უდაბნო-მონასტერი VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა ვანის ქვაბების მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი. 

10 წლის მანძილზე, „კლდის ძეგლებს“ - ვარძიას, ვანის ქვაბებს, უფლისციხესა და დავით გარეჯს შეისწავლიან და რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.
| Print |